ახალი ამბები

EU-ს ან უცხო ქვეყნის დროშის ჩამოხევაზე პარლამენტში სანქციებს განიხილავენ

21 ივლისი, 2021 • 1520
EU-ს ან უცხო ქვეყნის დროშის ჩამოხევაზე პარლამენტში სანქციებს განიხილავენ

პარლამენტში განიხილეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო შენობების წინ განთავსებული ევროკავშირის ან უცხო ქვეყნის დროშის ჩამოხევაზე სანქციები დაწესდება. საკანონმდებლო ინიციატივა საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლებს პარლამენტის თავმჯოდმარემ, კახა კუჭავამ დღეს, 21 ივლისს გამართულ შეხვედრაზე გააცნო.

როგორც ფრაქციის “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე ამბობს, შეხვედრაზე კანონპროექტის შინარსი და სასჯელის ზომა განიხილეს.

“ჩვენ განვიხილეთ პარლამენტის სპიკერთან საკითხი იმასთან დაკავშირებით, რაც სამწუხაროდ, ორჯერ მოხდა, როცა ევროკავშირის დროშა შეურაცხყოფილი და გათელილი იქნა. ჩვენ ვფიქრობთ, ეს არის სამარცხვინო ფაქტი ჩვენი ქვეყნისთვის. არსებობს ინიციატივა, რომ საკანონმდებლო საფუძველზე შემოღებული იქნას დასჯადობა ანალოგიური მოქმედებისათვის. დღეისათვის გათვალისწინებულია სასჯელი, როცა ქართული სახელმწიფო სიმბოლიკების და დროშის შეურაცხყოფა ხდება. ანალოგიურ საფუძველზე მსგავსი იქნება იმ შემთხვევაში, თუ  მოხდება ევროკავშირის დროშის შეურაცხყოფა”, — განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ საუბარია  1000-ლარიან ჯარიმაზე, განმეორების შემთხვევაში კი-შესაძლო ადმინისტრაციულ პატიმრობაზე.

მისი თქმით, ამგვარი ინიციატივა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სხვა დროს, როცა სახელმწიფო ვერ დაიცავს სახელმწიფო სიმბოლიკას, მათ შორის, პარტნიორი ქვეყნების დროშას სახელმწიფო შენობების წინ, არსებობდეს კონკრეტული სანქცია.

“დღეს ბატონმა კუჭავამ გაგვაცნო საკანონმდებლო ინიციატივა, რითაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შევა, რათა კონკრეტული სანქციები, იქნება ეს ფულადი ჯარიმა თუ სხვა ზომები, დაწესდეს იმისთვის, რომ ევროკავშირის იქნება თუ ჩვენი სხვა პარტნიორი ქვეყნის დროშები, რომლებიც სახელმწიფო შენობების წინ არის აღმართული, იყოს შესაბამისი მუხლებით დაცული[…]

საუბარია 1000 – ლარიან ჯარიმაზე, ჯერ არ არის საბოლოო სახით კანონპროექტი წარმოდგენილი. ასევე, შესაძლებელია იყოს ადმინისტრაციული ჯარიმა მოსამართლის გადაწყვეტილებით. ეს არის ის შემოთავაზებული ვერსია, რასაც ჩვენ  განვიხილავთ და შემდგომ გვექნება საბოლოო კანონპროექტი დარიგებული”, – განაცხადა აქუბარდიამ.

“გირჩის” წევრი იაგო ხვიჩია კი ამბობს, რომ დროშის ჩამოხევაზე ადამიანების დაჭერა, თუნდაც ერთი დღით, მიუღებელია. მისი თქმით,  სიმბოლოების საკრალიზაცია არ მოსწონს და თუ დაინახავს, რომ საბოლოოდ კანონპროექტი ძალიან გამკაცრებისკენ და ადამიანის დაჭერისკენ არ მიდის, არ გამორიცხავს მხარი დაუჭიროს.

“შევთანხმდით, რომ რაღაც ტიპის სანქცია იყოს, ოღონდ არასაპატიმრო, და ეს გავრცელდეს მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებზე მიმაგრებულ დროშებზე, რომ ადამიანმა სახლში თავის დროშისგან კაბა შეიკეროს, არ ჩაითვალოს დროშის შეურაცხყოფად.

საუბარია ფულად ჯარიმებზე[…] იყო რამდენიმე ვერსია და ბოლო არის, რომ დღეს საქართველოს დროშის ჩამოხევაზე  2000- ლარიანი ჯარიმა არის და ბოლოს ვსაუბრობდით, რომ სხვა ქვეყნებზე ყოფილიყო 1000 ლარი”, – განაცხადა ხვიჩიამ.


5-6 ივლისს ძალადობრივმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ორჯერ ჩამოხიეს. არსებობს კადრები, სადაც ძალადობრივი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზურაბ მახარაძე ძალადობრივ ჯგუფებს ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის მითითებას აძლევს,  რის შემდეგაც ძალადობრივი ჯგუფებმა ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს, დახიეს და დაწვეს.

7 ივლისს კი პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ხელახლა აღმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი