აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 21 ივლისს გამოაქვეყნა საქართველოში საინვესტიციო კლიმატის ვრცელი მიმოხილვა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებითაც არის ჩანაწერი.
„საერთო ჯამში, ბიზნესის და ინვესტიციის განხორციელების პირობები მყარია. თუმცა იზრდება უნდობლობა სასამართლო სისტემის უნარში, განიხილოს კომერციული დავები დამოუკიდებლად, დროულად და კომპეტენტურად; ზოგიერთ ბიზნესდავა სასამართლოში წლების განმავლობაში იწელება“, – წერია ანგარიშში
ამასთანავე, მითითებულია, რომ „სხვა კომპანიები უჩივიან მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურ პროცესს, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის ნაკლოვანებებს, ეფექტური ანტიმონოპოლური პოლიტიკის არარსებობას, ბრალდებებს პოლიტიკურ ჩარევებთან დაკავშირებით, კანონებისა და რეგულაციების, მათ შორის სავაჭრო კანონმდებლობის, შერჩევით აღსრულებას; ასევე, საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული დავების გადაჭრას“.
„საქართველოს მთავრობა განაგრძობს მუშაობას ამ საკითხების გადასაჭრელად და მიუხედავად ამ დარჩენილი გამოწვევებისა, საქართველოს რეგიონში ბიზნესის კეთების კუთხით ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია“, – წერია მიმოხილვაში.