ახალი ამბები

„ოცნება“ ქარტიის კრიტიკას „ცილისწამებას“ უწოდებს – რას პასუხობს ორგანიზაცია

21 ივლისი, 2021 • 1621
„ოცნება“ ქარტიის კრიტიკას „ცილისწამებას“ უწოდებს – რას პასუხობს ორგანიზაცია

„ქართულმა ოცნებამ“ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მხრიდან კახი კალაძის კრიტიკას „სამარცხვინო ცილისწამება და ფაქტების დამახინჯება“ უწოდა და განმარტებები მოითხოვა.

თუმცა ქარტიაში კვლავ აცხადებენ, რომ თბილისის მერმა მედიის საქმიანობა ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებს შეადარა.

რა თქვა ქარტიამ?

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ თავდაპირველად 21 ივლისს, დილის საათებში გაავრცელა განცხადება, რომლითაც კახა კალაძის წინა დღით ნათქვამს გამოეხმაურა.

„2021 წლის 20 ივლისს თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიის საქმიანობა ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებს შეადარა“, – განაცხადა ქარტიამ.

„ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით შეშფოთება პოლიტიკოსების აგრესიული რიტორიკის გამო, რომლითაც საქართველოში იქმნება არასათანადო გარემო მედიაორგანიზაციებისა და ჟურნალისტების თავისუფალი მუშაობისათვის. აღნიშნული უარყოფითად აისახება ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე. სწორედ მმართველი პარტიის განცხადებებით იქნა წახალისებული 5 ივლისს მედიის 53 წარმომადგენლის მიმართ ძალადობრივი ქმედებები“, – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

ქარტიამ ამავე განცხადებით მოუწოდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, „აგრესიული დამოკიდებულებით არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმები და შეწყვიტონ საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე“ და „მხარი დაუჭიროს მედიის თავისუფლებას და მისი წარმომადგენლები საქმიანი ურთიერთობის რეჟიმზე გადავიდნენ“.

„ოცნების“ პასუხი კრიტიკას

21 ივლისს, საღამოს საათებში, „ქართული ოცნების“ ფეისბუკის გვერდზე საპასუხო განცხადება გამოქვეყნდა – „ქართულმა ოცნებამ“ ეთიკის ქარტიის კრიტიკას „სამარცხვინო ცილისწამება და ფაქტების დამახინჯება“ უწოდა.

„ცალსახაა, რომ ქარტიის განცხადება ემსახურება საზოგადოების დეზინფორმირებას და წარმოადგენს ცილისწამებას“, – წერია განცხადებაში.

„ქართულმა ოცნებამ“ ამავე განცხადებით მოითხოვა განმარტება, „რის საფუძველზე ამოიკითხა ორგანიზაციამ აგრესიული რიტორიკა კახა კალაძის მიერ 20 ივლისს გაკეთებულ განცხადებაში“.

„იქიდან გამომდინარე, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მხრიდან გამოთქმული არცერთი ბრალდება არ დასტურდება ფაქტებით, მოვუწოდებთ ქარტიას, გააკეთოს განმარტება დაუსაბუთებელ ბრალდებებზე. ასევე, ვურჩევთ, გაითვალისწინონ წინასაარჩევნო გარემო და სიფრთხილით მოეკიდონ ნებისმიერ კანდიდატთან დაკავშირებით გამოთქმულ შეფასებებს, ვინაიდან ყოველი მცდარი და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი განცხადება მხოლოდ და მხოლოდ აზარალებს დემოკრატიულ პროცესებს. მსგავსი დაუსაბუთებელი ბრალდება უარყოფითად აისახება არა მარტო საარჩევნო პროცესზე, არამედ ხელს უწყობს საზოგადოების პოლარიზებას და შუღლის დათესვას“, – აცხადებს პარტია.

რას ამბობს „ოცნება“ და რა თქვა რეალურად კალაძემ?

21 ივლისის განცხადებაში „ქართული ოცნება“ წერს, რომ 20 ივლისის გამოსვლაში კახა კალაძემ ისაუბრა ძალადობის ფორმებზე და აღნიშნა, რომ ფიზიკურ ძალადობაზე „არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც, სამწუხაროდ, ადგილი აქვს ჩვენ საზოგადოებაში“.

„აქვე, კახა კალაძის თქმით, ეს საზოგადოებრივი პრობლემა აისახება ტელეეთერებშიც. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ხშირად ვისმენთ სხვადასხვა ტელეეთერიდან ადამიანების დამცირებას, ცილისწამებას, მათ ბულინგს მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური თუ სხვა ნიშნის გამო“, – წერია განცხადებაში.

რეალურად, კალაძის განცხადება ასეთი იყო:

„რასაკვირველია, ძალადობა და სიძულვილი კლავს ჩვენს ქვეყანას, მის მომავალს და ყველა ის ადამიანი, ვინც 5 ივლისს გიმეტებდათ თქვენ, გირტყამდათ, ძალადობდა, აზიანებდა ქვეყნის განვითარებას და ჩვენს ხვალინდელ დღეს. ეს დასჯადი ქმედებაა და ეს ყველაფერი სამარცხვინოა.

არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლიგიური ძალადობა, რასაც სამწუხაროდ, მთელი წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა ჩვენს საზოგადოებაში. ხშირად ვისმენთ სხვადასხვა ტელევიზიებიდან, ტელეეთერებიდან, ადამიანების დამცირებას, ცილისწამებას, მათ ბულინგს მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური თუ სხვა ნიშნის გამო. ამიტომ, როდესაც ხვალინდელ თბილისზე ვსაუბრობთ, ჩემი, თქვენი და ყველას სურვილი უნდა იყოს, რომ დავამარცხოთ სიძულვილი და ერთმანეთის მტრობა“.

ქარტიის დამატებითი განმარტება

„ნეტგაზეთი“ „ქართული ოცნების“ განცხადების შემდეგ დაუკავშირდა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელ დირექტორს, მარიამ გოგოსაშვილს, რომელმაც განაცხადა:

„ქარტიამ განცხადებაში თქვა ის, რისი თქმაც უნდოდა — რეალურად, კახა კალაძის განცხადებით ტოლობის ნიშანი იქნა დასმული ძალადობრივ ქმედებებსა და ჟურნალისტების საქმიანობას შორის… და იმ ფონზე, რომ ჩვენ მუდმივად გვესმის აგრესიული რიტორიკა მმართველი პარტიის მხრიდან მედიის წარმომადგენლების მისამართით, ამ კონტექსტის გათვალისწინებით, კიდევ უფრო თვალსაჩინო იყო ამ ტოლობის ნიშნის დასმა“.

მარიამ გოგოსაშვილის თქმით, ქარტიის განცხადებაში შეშფოთება იყო გამოთქმული „პოლიტიკოსების აგრესიული რიტორიკის“ გამო, რაზეც ქარტიას არაერთხელ გაუვრცელებია განცხადებები:

„ის, რომ ჩვენ ვიხილეთ 5 ივლისი, არის ფაქტი, განპირობებული მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიული რიტორიკით და იმით, რომ ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტების გამოძიება ძალიან იშვიათ შემთხვევაში ხდებოდა. ჩვენ ყოველთვის ვსვამთ აქცენტს, რომ ასეთი ტონით ჟურნალისტებთან საუბარი არ შეიძლება, ეს ახალისებს ძალადობას“, – ამბობს ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი და დასძენს:

„ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უცნაურია ის შეფასება, რაც ვიხილეთ ოცნების განცხადებაში. სამწუხაროა, რომ კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიას მედიის ასეთი შეფასებით იწყებს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი