ახალი ამბები

ომბუდსმენმა შშმ პირებზე მორგებული სამედიცინო სერვისების არარსებობის გამო ირიბი დისკრიმინაცია დაადგინა – PHR

21 ივლისი, 2021 • 936
ომბუდსმენმა შშმ პირებზე მორგებული სამედიცინო სერვისების არარსებობის გამო ირიბი დისკრიმინაცია დაადგინა – PHR

არასამთავრობო ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” [PHR] ცნობით, უსინათლო პირებზე მორგებული სამედიცინო სერვისების არარსებობის გამო სახალხო დამცველმა ირიბი დისკრიმინაცია დაადგინა.

PHR განმარტავს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ორსული ქალი ვერ ეცნობოდა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაციას, რაც მას დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებდა და უზღუდავდა სხვებთან თანაბრად, დამოუკიდებელი ცხოვრების და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებით სარგებლობას. არასამთავრობო ორგანიზაციამ ამ საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველს მიმართა და შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა ითხოვა.

“სახალხო დამცველმა განცხადების შესწავლის, ჯანდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის, ორგანიზაციის მიერ აღნიშნულ წერილებზე საპასუხო პოზიციის წარდგენის შემდეგ დაადგინა, რომ სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან ჯანმრთელობის დაცვის სერვისების გაცემის პროცესში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების განსხვავებული მდგომარეობის გაუთვალისწინებლობა მათთვის ქმნის არათანასწორ გარემოს და მისაწვდომობის არარსებობა როგორც ფიზიკურ გარემოზე, ისე სერვისებსა და ინფორმაციაზე, უნდა შეფასდეს შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციად”, – წერს PHR.

რაც შეეხება სახალხო დამცველის გადაწყვეტილებას, ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ უსინათლო ქალისთვის სამედიცინო დოკუმენტების მიუწვდომელი ფორმით გადაცემით მისი ავტონომიურობა არ იყო უზრუნველყოფილი, რამაც პიროვნების თავისუფალი განვითარების და პირადი ცხოვრების უფლებები შეილახა.

“ამ უკანასკნელ [პირადი ცხოვრების] უფლებაში ჩარევა კიდევ უფრო მეტი ინტენსიურობით განხორციელდა, ვინაიდან მ.მ-მ ვერ შეძლო წვდომა მისი პერსონალური მონაცემების შემცველ დოკუმენტებზე და იძულებული გახდა, გაემჟღავნებინა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია. შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მისაწვდომობის არარსებობა, როგორც ფიზიკურ გარემოზე, ისე სერვისებსა და ინფორმაციაზე, უნდა შეფასდეს შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით ირიბ დისკრიმინაციად”, – ნათქვამია სახალხო დამცველის გადაწყვეტილებაში.

ამასთან, სახალხო დამცველმა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა ზოგადი რეკომენდაციებით:

  • სისტემურად გააანალიზოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ორსული ქალების საჭიროებები ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე მისაწვდომობის კუთხით და აღნიშნული საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა;
  • შეიმუშაოს სახელმძღვანელო მითითებები საქართველოში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პაციენტებისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შემცველი სამედიცინო დოკუმენტაციის ბრაილის შრიფტის, ჟესტების ენის, გამაძლიერებელი და ალტერნატიული კომუნიკაციის ან/და სხვა აღქმადი ფორმატის საშუალებით მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად;
  • მოამზადოს საკანონმდებლო აქტის/საკანონმდებლო აქტში ცვლილების პროექტი შესაბამისი ვალდებულების ნორმატიულ დონეზე ასახვის მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი