ახალი ამბები

ავსტრალიაში კაცი კარანტინიდან „ზეწრების თოკით“ გაიქცა

21 ივლისი, 2021 • 1054
ავსტრალიაში კაცი კარანტინიდან „ზეწრების თოკით“ გაიქცა

39 წლის მამაკაცი ავსტრალიაში კარანტინიდან „ზეწრების თოკის“ გამოყენებით გაიქცა, იუწყება „სი-ენ-ენი“.

სამართალდამცავების ცნობით, მამაკაცი დასავლეთ ავსტრალიაში (ქვეყნის ერთ-ერთი შტატი) ორშაბათს ჩავიდა, თუმცა საპატიო მიზეზის არქონის გამო, შტატში დარჩენაზე უარი ეთქვა. იგი დროებით მოათავსეს კარანტინში, ხოლო შტატის დასატოვებლად 48 საათი მისცეს.

არსებული ინფორმაციით, კარანტინიდან დაახლოებით იმავე დღის შუაღამისას გაიქცა. მეოთხე სართულიდან ჩამოსასვლელად კი ზეწრებისგან გაკეთებული „თოკი“ გამოიყენა.

სამშაბათს, დილით, იგი დააკავეს. გამოძიება მას დირექტივის დაუმორჩილებლობასა და ყალბი ინფორმაციის მიწოდებას ედავება.

დასავლეთ ავსტრალიის საზღვარი ამჟამად კორონავირუსის „დელტა“ შტამის გავრცელების გამოა ჩაკეტილი. ამასთან ერთად, „სი-ენ-ენი“ წერს, რომ ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 11%-ია ვაქცინირებული (შედარებისთვის, აშშ-ში ეს მაჩვენებელი 48, ხოლო გაერთიანებულ სამეფოში 53 პროცენტია).


გარეკანის ფოტო: abc.net.au

მასალების გადაბეჭდვის წესი