ახალი ამბები

გვჯერა, კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს სინათლე სიბნელეზე – კობახიძე ადგილობრივ არჩევნებზე

20 ივლისი, 2021 • 1094
გვჯერა, კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს სინათლე სიბნელეზე – კობახიძე ადგილობრივ არჩევნებზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 2 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებში “სინათლე სიბნელეზე” გაიმარჯვებს. ამის შესახებ მან დღეს, 20 ივლისს, საარჩევნო კამპანიის გახსნილად გამოცხადებისას და თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძის დასახელებისას ისაუბრა.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” გამარჯვება არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ გაგრძელდეს  ქვეყნის და მისი დემოკრატიული სისტემის შეუფერხებელი და სტაბილური განვითარება.

“ამავდროულად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აქვს პრინციპული პოლიტიკური დატვირთვა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ მივიღოთ მყარი პოლიტიკური მხარდაჭერა საზოგადოებისგან, მივიღოთ ყოველი მეორე ამომრჩევლის ხმა ამ არჩევნებშიც. დარწმუნებული ვართ, 2 ოქტომბერს ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ ეტყვის უარს პარტიებსა და პოლიტიკოსებს, რომელთა საქმიანობას წითელ ხაზად გასდევს დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის უგულებელყოფა, ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დათმობა, სიცრუე და ღალატი.

გვჯერა, რომ კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს სიმართლე – სიცრუეზე; ღირსება – უპრინციპობაზე; ერთგულება – ღალატზე; ჰუმანურობა და პატრიოტიზმი – ადამიანის, სამშობლოსა და ეკლესიის სიძულვილზე; სინათლე – სიბნელეზე; დასავლეთი – ჩრდილოეთზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი