ახალი ამბები

რა პრობლემებს აწყდებიან მოქალაქეები, როცა სწრაფი ტესტი COVID-ზე ცრუ დადებითს უჩვენებს

20 ივლისი, 2021 • 1834
რა პრობლემებს აწყდებიან მოქალაქეები, როცა სწრაფი ტესტი COVID-ზე ცრუ დადებითს უჩვენებს

რა ხდება, როდესაც კორონავირუსის ტესტი ცრუ დადებით შედეგს აჩვენებს, ინფიცირებულთა ბაზაში კი პირი კოვიდდადებითის სტატუსით რჩება? სწორედ ამ პრობლემას შეეჩეხა “ნეტგაზეთის” რესპონდენტის, ჟურნალისტ დავით ნიკურაძის დედა, რომელსაც რამდენიმე დღის სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ნიკურაძე ჰყვება, რომ დედა “ფაიზერის” ორივე დოზითაა აცრილი და ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ორი PCR ტესტიც გაიკეთა, რადგანაც ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა და ტესტი წასვლამდეც და დაბრუნებისასაც ჩაიტარა. ქვეყანაში დაბრუნებიდან 2 დღეში დავით ნიკურაძის დედას კენჭის გავლა დაეწყო და სასწრაფომ ბოხუას კლინიკაში გადაიყვანა, სადაც პროტოკოლის შესაბამისად კორონავირუსის სწრაფი ტესტი გაუკეთეს:

“აი, ის ტესტი აფთიაქებში რომ იყიდება და უამრავი ცრუ დადებითი და ცრუ უარყოფითი პასუხი აქვს. 15 წუთში გამოვიდა ექიმი და გვითხრა, რომ დედაჩემს კოვიდი აქვს და “სუფთა” საავადმყოფოში ვერ შეუშვებდნენ და უნდა გადავიყვანოთ კოვიდიანების განყოფილებაში. ახსნამ, რომ ქალს არანაირი სიმპტომი არ აქვს და “ფაიზერის” ორივე დოზით აცრილია, ახალი გაკეთებული აქვს, ამერიკაშიც კოვიდიანთან კონტაქტი არ ჰქონია, არ გაჭრა.

გვაწვებოდნენ, გადავსულიყავით კოვიდ განყოფილებაში. თან დედაჩემის მონაცემები სწრაფად ატვირთეს პორტალზე, როგორც ინფიცირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ კოვიდ განყოფილების გარდა, ვერც ერთი საავადმყოფო ვერ მიგიღებს, რაც არ უნდა გჭირდეს”, – ამბობს ნიკურაძე.

მისი თქმით, პაციენტი კოვიდ განყოფილებაში გადაყვანას არ დათანხმდა და მტანჯველი ტკივილების მიუხედავად, სახლში დაბრუნდა, სადაც მთელი ღამის განმავლობაში მძიმე შეტევა ჰქონდა. ყველაფერთან ერთად, ნიკურაძე იხსენებს, რომ დედა ოთახში ჩაიკეტა, რადგან მაინც უშვებდა შანსს, რომ ვირუსით იყო ინფიცირებული. მეორე დღეს კი სახლში ლაბორატორია გამოიძახეს და ოჯახის ყველა წევრმა PCR ტესტი გაიკეთა:

“გვიან საღამოს ლაბორატორიიდან პასუხები მოვიდა და კოვიდი არავის დაგვიდასტურდა. არ ვჩივით ნერვიულობას, არ ვჩივით ტკივილში გათენებულ ღამეს და ყოველ საათში გაკეთებულ გამაყუჩებელს. მიზანი დაგვრჩა, რომ ჩამოგვეხსნა კოვიდ პორტალიდან, რადგან ჰქონოდა საშუალება, საავადმყოფოში მისულიყო და ამბულატორიულად მკურნალობა გაეგრძელებინა.

თურმე, კოვიდ პორტალზე ერთხელ თუ აგტვირთეს [როგორც კოვიდდადებითი], არავინ ჩამოგხსნის. მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებული არ ხარ, მიუხედავად იმისა, რომ ბაზაში მეორე ახალი უარყოფითი ტესტიც ატვირთულია, რომელიც განსხვავებით სწრაფი ტესტისგან, ოქროს სტანდარტია, პორტალზე მაინც დაგტოვებენ. ვრეკავთ 112-ზე, ვრეკავთ ჯანდაცვის ცხელ ხაზზე, გვამისამართებენ ბოხუაში, ბოხუა გვამისამართებს დაავადებათა კონტროლის ცენტრში, ცენტრი გვამისამართებს ისევ ბოხუასთან და ასე ვტრიალებთ წრეზე”, – ამბობს ნიკურაძე.

მსგავსი პრობლემის წინაშე დადგა “ნეტგაზეთის” კიდევ ერთი რესპონდენტი, მარიამ დავითაძეც, რომელმაც მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტროდან მტკიცებისა, რომ ინფიცირებულთა ბაზიდან ამოიღეს, ამ მიზეზით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე რეგისტრაცია ვერ შეძლო.

დავითაძის თქმით, სწრაფი ტესტი 7 ივლისს გაიკეთა მას შემდეგ, რაც მის დას კორონავირუსი დადასტურა. პირველმა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა, თუმცა 3 დღის შემდეგ განმეორებით გაკეთებულმა სწრაფმა ტესტმა დადებითი პასუხი დააფიქსირა.

მარიამ დავითაძე იხსენებს, რომ გარდა იმისა, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ ჰქონდა, ეჭვი იმისა, რომ პასუხი ცრუ იყო, იმანაც გაუღრმავა, რომ ვირუსი არც დედამისს დაუდასტურდა, რომელსაც ისეთივე შემხებლობა ჰქონდა COVID-პაციენტთან, როგორიც თავად:

“წესით, პროტოკოლის მიხედვით, როდესაც სწრაფი ტესტის პასუხი დადებითია, ის აღარ საჭიროებს შემდგომ PCR-ით გადამოწმებას. თუმცა, რადგან დედაჩემს უარყოფითი ჰქონდა, მეც სიმპტომები არ მქონდა, მაინც ჩემი ხარჯებით, გადავწყვიტე გადამემოწმებინა PCR-ით. PCR-ით ამოვიდა უარყოფითი.

არ იყო მთლად ლოგიკური, რადგან PCR-ისთვის ნაცხს იმავე ტექნოლოგიით იღებენ, დამატებით ხახიდანაც. შესაბამისად, იქ თუ არ იყო ვირუსი, სწრაფი ტესტის ნაცხშიც არ უნდა ყოფილიყო. მაინც დავრჩი იზოლაციაში იმიტომ, რომ ოჯახის ექიმმაც ამის რეკომენდაცია მომცა. შემდგომ კიდევ გავიკეთე სწრაფი ტესტი, ისევ უარყოფითი ვიყავი”, – ამბობს მარიამ დავითაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისი თქმით, უარყოფითი PCR ტესტის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროში დარეკა, სადაც შექმნილი ვითარება გააცნო. სამინისტროში კი უთხრეს, რომ ტესტის პასუხები გაეგზავნა და ინციფირებულთა ბაზიდან ამოიღებდნენ. ამის შემდეგ დავითაძე იხსენებს, რომ სამინისტროდან ბაზიდან ამოღების შესახებ აცნობეს და ვაქცინაზე რეგისტრაცია გადაწყვიტა:

“ფაიზერზე” რეგისტრაცია რომ დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ პორტალს სერიოზული ხარვეზები ჰქონდა, 5 საათი ვიჯექი და მაინც მოვახერხე… იმ ეტაპამდე მივედი, sms კოდი მოსულიყო, მაგრამ სისტემამ ამომიგდო, რომ ნოემბრამდე ვერ დავრეგისტრირდები ვაქცინაზე, რადგან ვითვლები ინფიცირებულად და 120 დღე უნდა გავიდეს”, – ამბობს დავითაძე “ნეტგაზეთთან”.

ამის შემდეგ მარიამმა ისევ ჯანდაცვის სამინისტროში დარეკა, იქიდან 112-ში გადაამისამართეს, 112-დან -კვლავ ჯანდაცვის სამინისტროში. საბოლოოდ “დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან დააკავშირეს, სადაც უთხრეს, რომ ლაბორატორიამ, სადაც PCR კვლევა ჩაიტარა, ცენტრს წერილობით უნდა მიმართოს მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩატარებული ანალიზის შედეგი მათ პორტალზე უკვე ატვირთული იყო:

“ბაზები ჰქონდათ გასასწორებელი. ჯერ ხომ ვერ დავრეგისტრირდი “ფაიზერზე” მაგის გამო, მერე 5 დღე ვიწვალე, რომ ბაზები გაესწორებინათ. ეტყობა, არ ჰქონიათ ბევრი ასეთი შემთხვევა იმიტომ, რომ დადებითი სწრაფი ტესტის შემდეგ გადამოწმება არ ხდება. ამ 5-დღიანი წვალების შემდეგ ამომიღეს სიიდან და ახლა შემიძლია ვაქცინაზე რეგისტრაცია”, – ამბობს მარიამ დავითაძე.

მისი თქმით, საბოლოოდ “მეგალაბიდან” წერილი გაგზავნეს და NCDC-ს IT სამსახურმა მოახდინა ბაზების შესწორება. დავითაძის თქმით, შემდეგ “სინოფარმზე” სატესტო რეგისტრაცია სცადა და პრობლემა აღარ შექმნია, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ ეტაპამდე მისასვლელად ბევრი რეკვა დასჭირდა:

“ჯანდაცვის სამინისტროდან რომ მირეკავდა და მეუბნებოდა ერთი ადამიანი, რომ ბაზიდან ამომიღეს, მეორე ადამიანი მირეკავდა და მკითხულობდა, როგორ ვარ, იმიტომ, რომ ვარ კოვიდინფიცირებული. ერთმანეთთანაც არ აქვთ კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროში და ამის პრობლემაც არის”, – ამბობს მარიამ დავითაძე.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა ჯანდაცვის სამინისტროს იმის გასარკვევად, თუ რა პროცედურებია გაწერილი მსგავსი შემთხვევებისთვის და როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსის ცრუ დადებითი შედეგი გამოუვლინდება. უწყებამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან გადაგვამისამართა. დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან პასუხის მიღების შემდეგ სტატია განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი