ახალი ამბები

“ძალოვნები არ უნდა იყვნენ ნაც. მოძრაობის ხელში“ არის კონცეპტუალურად არასწორი და მოძველებული” – დეკანოიძე ხაზარაძეს პასუხობს

19 ივლისი, 2021 • 1623
“ძალოვნები არ უნდა იყვნენ ნაც. მოძრაობის ხელში“ არის კონცეპტუალურად არასწორი და მოძველებული” – დეკანოიძე ხაზარაძეს პასუხობს

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე მამუკა ხაზარაძის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება, სადაც “ლელოს” ლიდერი კოალიციური ოპოზიციული ძალის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ძალოვანი მინისტრები არ იქნებიან წარდგენილები მომავალ მთავრობაში”.

დეკანოიძის თქმით, ხაზარაძის ეს ნათქვამი “კონცეპტუალურად არასწორი და მოძველებულია”, რადგან სამართალდამცავი უწყებები არცერთი პოლიტიკური ძალის ხელში არ უნდა იყვნენ, მათ შორის, არც მცირე პარტიების:

  • “ჩვენს საარჩევნო პროგრამაში ეწერა ნაწილი, ნაწილს აქ დავამატებ.
  • რეალური (არა გონგოების) სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის დიდი ნაწილის მიერ მხარდაჭერილი პროკურორი; არჩეული პროკურორები;
  •  არჩეული შერიფები;
  • შსს მინისტრის და პოლიციის უფროსის უფლებამოსილების გაყოფა; ახალი პოლიციის შესახებ კანონის შექმნა;
  •  ფედერალური საგამოძიებო უწყების შექმნა;

ეს არის სისტემის მინიმუმი, როგორ ვფიქრობთ ჩვენ კრიმინალური იუსტიციის რეფორმას. ეს არის თანამედროვე სტანდარტი. ჩემი ქვეყნისთვის ის მიმაჩნია მართებულად, რომ არცერთი პოლიტიკური ძალის (არც ჩემი) ხელში არ იყოს მართ;მსაჯულება. ამის მისაღწევად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. კამათი ამ სისტემის გასამართავად და სხვადასხვა რეფორმებზე მნიშვნელივანია”, – წერს დეკანოიძე საკუთარი ფეისბუკის გვერდზე.

ხაზარაძემ დღეს, 19 ივლისს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე ოპოზიციური ძალების მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და დიდი კოალიციის შექმნაა საჭირო.

მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ საჭიროა დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე და პრემიერობის კანდიდატზე. “ლელოს” ლიდერი ხაზს უსვამს, რომ უნდა მოხდეს შეთანხმება, რომ “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის მხრიდან მომავალ მთავრობაში ძალოვანი მინისტრები წარმოდგენილი არ იქნებიან და ეს პოსტები სამოქალაქო საზოგადოებიდან უნდა დაკომპლექტდეს:

“თუ ოპოზიცია ამას შეძლებს, მაშინ არსებული ოცნების ხელისუფლება შეიცვლება და ქვეყანა დაადგება სწრაფი რეფორმების და ევროინტეგრაციის შეუქცევად გზას”, – განმარტა მამუკა ხაზარაძემ.

2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნები უნდა გაიმართოს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შემუშვებული შეთანხმების დოკუმენტის მიხედვით, თუ ამ არჩევნებზე მმართველი პარტია ხმათა 43%-ს ვერ მიიღებს, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი