აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებული ტრიოს სახელმწიფო მეთაურებმა ხელი მოაწერეს ბათუმის სამიტის დეკლარაციას. ხელმოწერის ცერემონია დღეს, 19 ივლისს, პეტრას ციხეზე გაიმართა.
დეკლარაციას ხელი მოაწერეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ სამ ქვეყანას აერთიანებს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი:
“ევროპულ ინტეგრაციას ჩვენი ქვეყნებისთვის ალტერნატივა არ გააჩნია და ამ სუვერენულ არჩევანზე ვერც ერთი მესამე მხარე გავლენას ვერ მაოხდენს. ევროკავშირთან ურთიერთობაში ჩვენ უკვე მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს.
ჩვენ ზურგს გვიმაგრებს ჩვენი ხალხების ძლიერი სურვილი, გავხდეთ ევროპული ოჯახის ნაწილი და ერთად ვართ ჩვენს მისწრაფებაში, ვიმუშაოთ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროპული პერსპექტივის აღიარებისთვის, რომელიც ევროკავშირში ჩვენი სამი ქვეყნის მომავალ წევრობას გაუხსნის გზას”, – აღნიშნულია დეკლარაციაში.
დღეს, 19 ივლისს, ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, რომელსაც 3 ქვეყნის პრეზიდენტი ესწრება – საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი და მოლდოვას პრეზიდენტი მარია სანდუ.
საერთაშორისო კონფერენციას ასევე ესწრება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.
კონფერენციის მთავარი თემა ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობაა.
მეორე პანელზე წამყვანი ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები იმსჯელებენ ტრადიციული ტრანსატლანტიკური დიალოგის განახლებასა და მისი შემდგომი განვითარების შესაძლო სცენარებზე.
კონფერენცია ჰიბრიდულ ფორმატში მიმდინარეობს.