ახალი ამბები

ქრთამის აღების ბრალდებით “წყალმომარაგების კომპანიის” 3 თანამშრომელი დააკავეს

19 ივლისი, 2021 • 1123
ქრთამის აღების ბრალდებით “წყალმომარაგების კომპანიის” 3 თანამშრომელი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ბრალდებით “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი და ამავე კომპანიის ორი თანამშრომელი დააკავა.

სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნეს და სისტემურად დებდნენ კორუფციულ გარიგებებს კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე და გამარჯვებულ კომპანიებთან.

“შემუშავებული გეგმის შესაბამისად, აღნიშნული პირები წინასწარ აცნობდნენ სატენდერო პირობებს მათთან დაახლოებულ პირებს, რითაც უზრუნველყოფდნენ შესაბამისი კომპანიების ტენდერში გამარჯვებას. მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს არ აფიქსირებდნენ კომპანიების მიერ დაშვებულ დარღვევებს და უზრუნველყოფდნენ ფირმებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების სრულად ჩარიცხვას, სანაცვლოდ მათგან იღებდნენ თანხას პროექტის ღირებულის 2%-ის ოდენობით. გარდა ამისა, ხსენებული პირები ახლობლებს მაღალანაზღაურებად პოზიციებზე ასაქმებდნენ მათ მიერვე ლობირებულ კომპანიებში, საიდანაც თვითონაც იღებდნენ მატერიალურ სარგებელს.

შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების უკანონო ქმედებით წახალისებული კომპანიები უმეტეს შემთხვევაში უხარისხოდ ასრულებდნენ სამშენებლო სამუშაოებს, რის გამოც არამიზნობრივად იხარჯებოდა სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხები”, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სუს-ის ცნობით, ზარალის დადგენის მიზნით გამოძიების ფარგლებში ყველა იმ სამშენებლო სამუშაოს საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა ჩატარდა, რომელსაც წყალმომარაგების კომპანიასთან უკანონოდ გარიგებული ფირმები ასრულებდნენ. დაკავებული პირების სახლების ჩხრეკის შედეგად კი ამოღებულია 25 650 ლარი, 30 000 აშშ დოლარი, ცეცხლსასროლი იარაღი და სავარაუდო ნარკოტიკული საშუალება.

აღნიშნულ ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორფციული სააგენტო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და 339-ე მუხლის მეორე ნაწილით აწარმოებს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქრთამის აღებას და უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი