ახალი ამბები

ზელენსკი ენგურის ხიდზე, გამყოფ ხაზთან ჩავიდა

19 ივლისი, 2021 • 2710
ზელენსკი ენგურის ხიდზე, გამყოფ ხაზთან ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ენგურის ხიდზე, აფხაზეთთან გამყოფ ხაზთან ჩავიდა.

ზელენსკი 19 ივლისს ჩაფრინდა ბათუმში, სადაც საქართველოსა და მოლდოვის პრეზიდენტებთან ერთად საერთაშორისო კონფერენციას ესწრება.

საქართველოში დაშვებიდან მალევე, კონფერენციის დაწყებამდე, ის ენგურის ხიდთან ჩავიდა, შემდეგ კი დაახლოებით ხიდის შუა მონაკვეთამდე მივიდა თანმხლებ პირებთან ერთად.

ზელენსკისთან ერთად იმყოფებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, მარეკ შჩიგელი, რომელმაც, EUMM-ის გავრცელებული განცხადების თანახმად, ზელენსკის გააცნო ადგილზე არსებული ვითარება და „ბორდერიზაციის“ მძიმე შედეგები, რასაც ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებაზე უარყოფითი ზეგავლენა აქვს.

„მოგეხსენებათ, საქართველოსა და უკრაინას აქვს ერთნაირი ტიპის გამოწვევები, ორივე მათგანი ებრძვის ოკუპაციას, ორივე ებრძვის რუსეთიდან მომდინარე აგრესიას. აღნიშნული ვიზიტი საოკუპაციო ხაზზე კიდევ ერთი ხაზგასმაა იმ საერთო საფრთხეების, რომელიც საქართველოსა და უკრაინას გააჩნიათ” ,– განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი