ახალი ამბები

ISFED: რუსთავის მერიის თანამშრომელი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს

19 ივლისი, 2021 • 1055
ISFED: რუსთავის მერიის თანამშრომელი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს

რუსთავის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ქვირია აცხადებს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების მიზნით, მიზანმიმართულად დევნიდნენ და ხელოვნურად შეუქმნეს გათავისუფლების საფუძველი.

ქვირიას ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED) იცავს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, სოციალური მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელი მერის ბრძანების საფუძველზე 16 ივლისს გაათავისუფლეს.

როგორც ქვირია აცხადებს, 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში, რუსთავის მერმა ორჯერ დაიბარა და სთხოვდა, სამსახურიდან გათავისუფლების განცხადება დაეწერა. განთავისუფლების განცხადების დაწერაზე უარის თქმის შემდეგ კი, ორგანიზაციის თქმით, მის მიმართ დაიწყო სხვადასხვა საფუძვლით დისციპლინური წარმოება სამსახურებრივი უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულებისა და ეთიკის ნორმების დარღვევის გამო.

მისი თქმით, დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია და რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატის, ნინო ლაცაბიძის ინიციატივით ხორციელდება, რომელიც დაინტერესებულია რუსთავის მერიის სოციალური სამსახურის პოლიტიკურ-საარჩევნო მიზნით გამოყენებაში, რაც ჯერ კიდევ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში დაიწყო:

“თვითმმართველობის მოხელეს გადადგომა ასევე მოსთხოვა „ქართული ოცნების“ რეგიონული ოფისის უფროსმა დავით კობახიძემ. საგულისხმოა ისიც, რომ ეს შეხვედრა ნინო ლაცაბიძის ოფისში შედგა”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ნინო ქვირიას განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს იგი პირადად დაიბარა ნინო ლაცაბიძემ, როცა “ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი იყო და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის მიერ განხორციელებული პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარების საკონტაქტო ინფორმაციის და სამსახურში დაცული სხვა ბაზების გადაცემა მოსთხოვა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ლაცაბიძემ ასევე მოუწოდა ქვირიას, ჩართულიყო მის სასარგებლოდ წინასაარჩევნო აგიტაციაში.

როგორც ქვირია აცხადებს, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების პროცესში მისთვის მთავარი იყო დაეცვა საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპები და უფლებამოსილება საჯარო ინტერესის დაცვის საფუძველზე განეხორციელებინა:

“ჩემ მიერ სამსახურებრივი მდგომარეობა არ გამოყენებულა პარტიული (პოლიტიკური) მიზნების ან ინტერესის გასატარებლად. ამასთან, 2020 წლის ნოემბრამდე, 5 წლის მანძილზე, არ დამკისრებია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები კანონით გათვალიწინებული რომელიმე საფუძვლით. ამას ადასტურებს ქალაქის მერისგან, მისი ყოფილი მოადგილისა და კურატორისგან მიღებული შეფასებები”, – ამბობს ნინო ქვირია.

აღნიშნულთან დაკავშირებით “ნეტგაზეთმა” საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატს, ნინო ლაცაბიძეს მიმართა. ლაცაბიძემ ჩვენთან საუბარში ნინო ქვირიას ბრალდებები უარყო და მოგვიწოდა, იმ სტრუქტურისთვის მიგვემართა, რომელმაც აღნიშნული პირი გაათავისუფლა:

“მე როგორ უნდა მიმიძღოდეს წილი მის გათავისუფლებაში, თავი უნდა ვიმართლო, რამდენი ვინმე რამეს იტყვის მერიიდან წამოსვლაზე?! აჯობებს, მერიამ გააკეთოს ამაზე კომენტარი. მე არანაირი შემხებლობა არ მაქვს ამასთან” ,— ამბობს ლაცაბიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

რუსთავის მერი ლევან ტაბაღუა კი აცხადებს, რომ ქვირიას გათავისუფლების მიზეზი დისციპლინური წარმოების დასკვნა გახდა, რომლის მიხედვითაც ის არასათანადოდ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას:

“რუსთავის მერიის სოციალური სამსახურის უფროსის, ნინო ქვირიას სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა დისციპლინური წარმოების დასკვნა, სადაც სამსახურებრივი მოვალეობის არასათანადოდ შესრულების ფაქტებზეა საუბარი. თითოეულ დარღვევაზე შეფარდებული აქვს დისციპლინური პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომა, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დასასრული.

დარღვევებით მუშაობა ისეთ სამსახურში, რომელიც სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ემსახურება, დაუშვებელია. თითოეულ საკითხს, რაც გახდა სოციალური სამსახურის უფროსის გათავისუფლების მიზეზი, აქვს თავისი სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, საკითხი, თუ კი ის სადავოა, უნდა გადაწყდეს სასამართლოში” ,- აცხადებს რუსთავის მერი.

“სამართლიანი არჩევნები” იცავს ნინო ქვირიას ინტერესებს და გეგმავს სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გამოყენებას, რათა დადგინდეს მისი პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი