ახალი ამბები

აშშ-ს გადაწყვეტილი აქვს, საქართველოს “ფაიზერის” ნახევარი მილიონი დოზა აჩუქოს – ღარიბაშვილი

17 ივლისი, 2021 •
აშშ-ს გადაწყვეტილი აქვს, საქართველოს “ფაიზერის” ნახევარი მილიონი დოზა აჩუქოს – ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აშშ-მ გადაწყვიტა, საქართველოს ნახევარი მილიონი დოზა “ფაიზერი” საჩუქრად გადმოსცეს. ინფიცირების შემთხვევების მატების ფონზე, პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებს მოუწოდა, აიცრან და ისაუბრა იმაზეც, რომელ ვაქცინებს ელის საქართველო ახლო მომავალში.

“მანამდე იყო პრობლემა, რომ ვაქცინები საკმარისი რაოდენობის არ იყო ქვეყანაში, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩამოგვეტანა საკმარისი რაოდენობის ვაქცინები.

მილიონი ვაქცინა არის ადგილზე, 1 მლნ. „ფაიზერის“ მოწოდება უკვე დაიწყო, ეტაპობრივად, ყოველ შაბათ-კვირას ჩვენ შემოგვივა „ფაიზერის“ ვაქცინებიც, მილიონი „სინოფარმი“ და „სინოვაკი“, რომელიც არის ტრადიციული მეთოდით დამზადებული ვაქცინა და არის ავტორიზებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.

„ფაიზერზე“ რაც მოგახსენეთ, რომ მილიონის შემოტანა არის დაგეგმილი და ნახევარი მილიონის ჩუქება აქვს გადაწყვეტილი ამერიკის მთავრობას, რომელსაც უახლოეს რამდენიმე კვირაში მივიღებთ და კიდევ ერთი მილიონი „სინოვაკი“ და „სინოფარმი“ ჩამოვა საქართველოში”, – თქვა მან.

ამ ეტაპზე საქართველოში ადმინისტრირდება “ასტრაზენეკას”, “ფაიზერის” “სინოფარმისა” და “სინოვაკის” ვაქცინები. “ფაიზერის” 28 000 დოზა ქვეყანაში 14 ივლისს შემოიტანეს და რეგისტრაციაც იმავე დღეს დაიწყო 16-22 ივლისის პერიოდზე. ამ დროისთვის ყველა ჯავშანი შევსებულია. ვაქცინის დაჯავშნისთვის შექმნილი ვებგვერდი მთელი დღის მანძილზე შეფერხებით მუშაობდა.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ “ფაიზერის” მწარმოებელ კომპანიას ვალდებულება აქვს აღებული, საქართველო ვაქცინების კონტრაქტით გათვალისწინებული მილიონი დოზით ეტაპობრივად, თუმცა უწყვეტად მოამარაგოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი