IDFI-ის ცნობით, 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტით დამატებით 5.6 მილიარდი ლარის მობილიზება მოხდა, ხოლო უშუალოდ პანდემიასთან საბრძოლველად გასატარებელი ღონისძიებებისთვის 3.4 მილიარდი ლარი განისაზღვრა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით, საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში და მას შემდეგ კოვიდ-19 თან დაკავშირებული ხარჯების და ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგი ჩაატარა. პროექტის ფარგლებში COVID-19-თან დაკავშირებული საჯარო ფინანსების, საჯარო შესყიდვების, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შესრულების, Stopcov ფონდის ხარჯვისა და დონორთა დახმარების განაწილების მონიტორინგი განხორციელდა. ვირუსის გავრცელების დაწყების (პირველი დადასტურებული შემთხვევა – 2020 წლის 26 თებერვალი), საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების (2020 წლის 21 მარტი) და ანტიკრიზისული გეგმის შემუშავების (2020 წლის 24 აპრილი ანტიკრიზისული გეგმის წარდგენა) თარიღების გათვალისწინებით, ანგარიში მოიცავს პანდემიასთან ბრძოლის პერიოდს 2020 წელს და 2021 წლის პირველ კვარტალს.
ანგარიშის თანახმად:
- პანდემიის ფარგლებში განხორციელებული ანტიკრიზისული ღონისძიებების დაფინანსების მთავარ წყაროს საზღვარგარეთიდან მიღებული ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები და გრანტები წარმოადგენდა. პანდემიის ფარგლებში, 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საზღვარგარეთიდან ჩამორიცხულია 1.44 მილიარდი ევროს დაფინანსება.
- 2020 წელს ათვისებული საგარეო კრედიტების 63% მოხმარდა ბიუჯეტის მხარდაჭერას, 14% — საგზაო ინფრასტრუქტურას, 7% — საგადასახდელო ბალანსის მხარდაჭერას, 7% —მუნიციპალურ ინფრასტრუქტურას, 6% — ჯანდაცვის სექტორს, 1% — ენერგეტიკის სექტორს, ხოლო 2% — სხვა ხარჯებს.
- საინვესტიციო კრედიტების ფარგლებში ცალკეული პროექტების ათვისებული თანხები მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის გეგმურ მაჩვენებელს.
- 2020 წელს და 2021 წლის პირველ კვარტალში საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ მიღებული მიზნობრივი გრანტების ფარგლებში ათვისებული 98.4 მილიონიდან 14.8 მილიონი მოხმარდა შრომის ანაზღაურებას, ხოლო 44.9 მილიონი ლარი — საქონელს და მომსახურებას.
- 2020 წლის თებერვლიდან 2021 წლის მარტის ჩათვლით, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში დონორის სახსრებით 113 შესყიდვა/ფასების კოტირება გამოცხადდა. მათ შორის, COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული 10 ტენდერიდან მხოლოდ 7 შედგა და მათმა ჯამურმა ღირებულებამ 13 800 000 ლარამდე შეადგინა. რამდენიმე შემთხვევაში ხელშეკრულებები დაიდო მმართველი პარტიის შემომწირველ კომპანიებთან.
- ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან 1 წლის განმავლობაში, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებებისთვის სულ დაიხარჯა 4.15 მილიარდი ლარი. მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებას მოხმარდა 594.4 მილიონი ლარი, მოსახლეობის სოციალურ დახმარებას- 1.13 მილიარდი ლარი, ბიზნესის მხარდაჭერას -786.9 მილიონი ლარი, ხოლო დანარჩენი 1.63 მილიარდი ლარი -ეკონომიკის ხელშეწყობის დამატებით პაკეტებს.
- ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო საშუალებების, მათ შორის, კოვიდ ტესტების შესყიდვაში ჯანდაცვის სამინისტროს ხაზით 146,840,376 ლარი დაიხარჯა.
- ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები სესხების ფარგლებში, 2021 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, არ განხორციელებულა.
- სოციალური დაცვის მიმართულებით, 1 წლის განმავლობაში, ყველაზე მეტი მოხმარდა მოსახლეობის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას — 469.6 მილიონი ლარი. მსგავსი ხარჯების ზრდას ხელი შეუწყო ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებამ.
- უმუშევრად დარჩენილთა 200-ლარიანი დახმარების პროგრამისთვის 2020 წლის ბიუჯეტიდან 450 მლნ ლარი გამოიყო. პროგრამის მიმდინარეობის მანძილზე (მაისი-ნოემბერი) გამოყოფილი თანხების მესამედიც ვერ იქნა ათვისებული.
- სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული დახმარების ბენეფიციართა რიცხვი ყოველთვიურად იზრდება, რაც IDFI-ის შეფასებით იმაზე მიუთითებს, რომ პანდემიის ფონზე მეტი ოჯახი ღარიბდება და მოითხოვს დახმარებას. 2020 წლის მაისიდან 2021 წლის მარტამდე პროგრამის ბენეფიციარი სოციალურად დაუცველი ოჯახების რიცხვი 45,771-ით (23%-ით) გაიზარდა.
- Stopcov ფონდში მობილიზებული თანხის უდიდესი ნაწილი 18 წლამდე ბავშვების დახმარებაზე (925,000 ბავშვი) დაიხარჯა. სულ პროგრამაზე 185 მლნ ლარი დაიხარჯა, რაც გამოყოფილ ბიუჯეტს — 160 მლნ ლარს – +16%-ით აჭარბებს. დახმარება იყო ერთნაირი მოცულობის (200 ლარი) ბავშვის სოციალური მდგომარეობის მიუხედავად.
- ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებების ფარგლებში, 1 წლის განმავლობაში, ყველაზე დიდი რესურსი საშემოსავლო გადასახადზე დაწესებულ შეღავათს მოხმარდა — 443.9 მილიონი ლარი.
- რთველის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში შესყიდული 168.3 ათასი ტონა ყურძნის ნახევარზე მეტი (86.7 ათასი ტონა) სახელმწიფო საწარმომ (სს „აკურა“) შეისყიდა.
- ფერმერებმა, აგრობარათზე დარიცხული ქულების ფარგლებში, 31.2 მილიონი ლარი დახარჯეს სპეციალიზირებული მაღაზიებიდან გარკვეული საქონლის შესყიდვაზე, ხოლო ხვნის მომსახურებაზე — მხოლოდ 25.7 ათასი ლარი. 2020 წელს და 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ათვისებული თანხიდან (55,511,407.59) კორონავირუსთან ბრძოლის მიზნობრიობით დახარჯულია მხოლოდ 14% – (7,708,933.6 ლარი).
- პანდემიის პერიოდში ცალკეული მუნიციპალიტეტები სარეზერვო ფონდებიდან ეწეოდნენ ისეთ ხარჯებს, რომელთა სარეზერვო ფონდიდან დაფინანსების აუცილებლობა კითხვის ნიშნებს აჩენს, ხოლო ცალკეული მუნიციპალიტეტები საერთოდ ვერ ახდენენ სარეზერვო ფონდში გათვალისწინებული სახსრების ათვისებას.
IDFI მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიერ შემუშავებულმა ანტიკრიზისულმა გეგმამ მოსახლეობას და ბიზნესს შეუმსუბუქა პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები, თუმცა ცალკეული პროგრამების და ღონისძიებების ეფექტიანი დაგეგმვის და განხორციელების პირობებში შესაძლებელი იქნებოდა მნიშვნელოვანი რესურსის გამოთავისუფლება, რაც მიზნობრივი სეგმენტის და დახმარების მოცულობების ზრდას შესაძლებელს გახდიდა.
“ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ჯანდაცვის მიმართულებით გაწეული ხარჯების ანალიზი მთელ რიგ კითხვებს აჩენს ცალკეული პროცესების ეფექტიან წარმართვასთან დაკავშირებით. მაგალითად, ვაქცინაციის გაჭიანურებული პროცესი და დაფარული ხარჯები, სამედიცინო ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის გაწეული ხარჯების დაბალი მაჩვენებელი და სხვა”, — ნათქვამია ანგარიშში.
IDFI-ის მონიტორინგის მიხედვით, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად შესაძლებელია შეფასდეს COVID-19-თან დაკავშირებული ფინანსების განკარგვასთან დაკავშირებული პროცესის გამჭვირვალობის დაბალი ხარისხი.
“ანტიკრიზისულ ღონისძიებებზე პასუხისმგებელი მთელი რიგი უწყებების მიერ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების შესაბამისად დეტალური ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავის არიდება მნიშვნელოვნად აზარალებს კრიზისული მდგომარეობის ფარგლებში მათ მიერ გადადგმული ნაბიჯების მიმართ საზოგადოების ნდობის ხარისხს და მნიშვნელოვნად ზრდის საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური განკარგვის რისკებს. გაუმჭვირვალე პროცესის ფონზე, მსგავს რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის კრიზისული მდგომარეობის ფარგლებში გამარტივებული წესით განხორციელებული შესყიდვების მზარდი მაჩვენებლები, საერთაშორისო პარტნიორებისგან მიღებული ფინანსური დახმარებების მნიშვნელოვნად გაზრდილი მოცულობა და სხვა. ასევე, გაუმჭვირვალე პროცესის ერთ-ერთ გამოვლინებად შესაძლებელია შეფასდეს მონიტორინგის ფარგლებში განხილული შემთხვევები, როდესაც ხელისუფლების მიერ ცალკეული ანტიკრიზისული პროგრამის შედეგები წარმოჩენილია იმ ფორმით, რაც საზოგადოებისათვის პროგრამის წარმატების შესახებ გადაჭარბებული წარმოდგენების შექმნას უწყობს ხელს”, – ნათქვამია ანგარიშში.