ახალი ამბები

წყალდიდობა ევროპაში: გარდაცვლილია, სულ მცირე, 120 ადამიანი

16 ივლისი, 2021 • 1420
წყალდიდობა ევროპაში: გარდაცვლილია, სულ მცირე, 120 ადამიანი

მინიმუმ 120 ადამიანი გარდაიცვალა დასავლეთ ევროპაში, კერძოდ კი, გერმანიასა და ბელგიაში წყალდიდობის შემდეგ. დაკარგულია ასობით ადამიანი.

როგორც BBC წერს, გერმანია აცხადებს, სულ მცირე, 100 გარდაცვლილის შესახებ, ხოლო ბელგიის მედიაში ვრცელდება ცნობები 22 გარდაცვლილზე.

ყველაზე მძიმედ წყალდიდობის შედეგად გერმანიის ორი მხარე – რაინლანდ-პფალცი და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალია დაზარალდენ. ერთ-ერთი სოფელი შულდი, სადაც 700 ადამიანი ცხოვრობს, წვიმამ და წყალდიდობამ თითქმის სრულიად გაანადგურა.

სოფელი შულდი წყალდიდობის შემდეგ. ფოტო: EPA-EFE/SASCHA STEINBACH

პატარა ქალაქ ზინციგში შშმ პირთა პანსიონის 35 ბენეფიციარიდან 12 დაიღუპა. ჯერჯერობით შეუფასებელია სრული ზიანი, რაც წყალდიდობამ გამოიწვია.

BBC თანახმადვე, არც ოფიციალურმა უწყებებმა იციან ჯერჯერობით დაკარგულ პირთა ზუსტი ინფორმაცია. წყალდიდობის გამო სატელეფონო კავშირი შეწყვეტილია. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლთა რაოდენობა გაიზრდება.

წყალდიდობა გერმანიაში. ფოტო: EPA-EFE/FRIEDEMANN VOGEL

წყალდიდობამ ასევე მოიცვა ნიდერლანდები, შვეიცარია და ლუქსემბურგი, თუმცა ეს ქვეყნები ჯერჯერობით არ იუწყებიან გარდაცვლილებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი