სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანიის განცხადებით, ბოლოდროინდელი მოვლენებისა და ძალადობის უპრეცედენტო გამოვლინების გამო ვალდებულები არიან მკაფიოდ გაემიჯნონ ძალადობას და მთავრობისგან ადეკვატური რეაგირება მოითხოვონ.
“ჩვენი კომპანიის სახელით გვინდა გამოვეხმაუროთ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას და გამოვხატოთ ჩვენი მყარი პოზიცია და აღშფოთება 5 და 6 ივლისს მომხდარი ძალადობისა და მას შემდეგ განვითარებული მოვლენების მიმართ.
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ უკვე 15 წელია ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის, „ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია“, რომელიც ოპერირებს 25 ქვეყანაში და საქართველო ამ პატარა ევროპულ ოჯახში ღირსეულ ადგილს იკავებს, როგორც მაგალითი ინოვაციურობის, პატიოსნების და მაღალი ანგარიშვალდებულების ბიზნესისა.
ჩვენი საქმიანობის განმავლობაში შევძელით აგვეშენებინა მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ინსტიტუციური ბიზნესი, რომელიც ქმნის არა მხოლოდ მატერიალურ დოვლათს ჩვენი სახლემწიფოსთვის, არამედ, რაც ყველაზე მთავარია, ამკვიდრებს ჩვენი ერისთვის, თითოული ჩვენი მოქალაქისთვის ძვირფას და მნიშვნელოვან ღირებულებებს: თავისუფლებას, სამართლიანობას, კეთილსინდისიერებას, მრავალფეროვნებას, ურთიერთპატივისცემას და ემსახურება მშვიდობას და შემწყნარებლობას”, – ნათვქვამია კომპანიის განცხადებაში.
“ჯიპიაი ჰოლდინგის” განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა კომპანიამ და ცალკეულმა ინდივიდმაც მკაფიოდ გამოხატოს თავისი დამოკიდებულება. კომპანია იმედოვნებს, რომ ყველა, ვინც მათ მსგავსად განიცდის მომხდარს, მათ მოწოდებას შეურთდებიან.
“ბოლოდროინდელი მოვლენები, ძალადობის უპრეცედენტო გამოვლინება, როდესაც თავისუფალი მედიის ერთი წარმომადგენელი დაიღუპა, ხოლო არაერთი ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი დღესაც მძიმედაა დაშავებული ან კვლავ დევნას განიცდის, არ გვაქვს უფლება გავჩუმდეთ და გვინდა, ხმა მივაწვდინოთ იმ პირებს, ვისი პირდაპირი მოვალეობაცაა, უზრუნველყოს ჩვენს საზოგადოებაში უსაფრთხოება და მშვიდობა.
ჩვენი ქვეყანა დგას პატიოსანი შრომით და აქედან გადახდილი გადასახადების გადამხდელ მოსახლეობაზე, რომელთათვის მიუღებელია უკანონობა და ადამიანის უფლებების შელახვა. ჩვენ მიერ შექმნილი დოვლათი ასაზრდოებს ეკონომიკას, ხელს უწყობს ვალუტის კურსის სტაბილურობას და საგარეო ვალის შემცირებას. ჩვენი ხმა მნიშვნელოვანი უნდა იყოს და ამიტომაც კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, არ გავჩუმდეთ და მკაფიოდ გავემიჯნოთ ძალადობას და მოვითხოვოთ მთავრობისგან, მოახდინოს ადეკვატური რეაგირება და მომავალშიც თანმიმდევრული ქმედებებით დაგვარწმუნოს, რომ კანონის აღსრულება არის ხელისუფლების და არა საზოგადოების ცალკეული ჯგუფების ხელში”, – ნათქვამია “ჯიპიაი ჰოლდინგის” განცხადებაში.





