ახალი ამბებირეკლამა

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, აუდიო-მუსიკალური საღამო, “თბილისური ეზო: ვაჟა ფშაველა“ გაიმართება

16 ივლისი, 2021 • 816
„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, აუდიო-მუსიკალური საღამო, “თბილისური ეზო: ვაჟა ფშაველა“ გაიმართება

19 ივლისს, 20 საათზე, ჯანსუღ კახიძის 10-ში, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, „არტარეასა“ და თბილისის მერიის თანამშრომლობით, გაიმართება ვაჟა ფშაველას დაბადებიდან 160 წლის იუბილესადმი მიძღვნილი აუდიო-მუსიკალური საღამო,  „თბილისური ეზო: ვაჟა ფშაველა“

წელს ვაჟა ფშაველას დაბადებიდან 160 წელი სრულდება. ამ თარიღს „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ განსაკუთრებული ღონისძიებით ეხმიანება და უდიდესი ქართველი მწერლის შემოქმედებისა და თანამედროვე ხელოვნების საინტერესო სინთეზს გთავაზობთ. 

ღონისძიების შინაარსი თენგიზ აბულაძის „ვედრების“ სიუჟეტს მიუყვება, რომელიც, ვაჟა ფშაველას ორ ნაწარმოებს, „ალუდა ქეთელაურსა“ და „სტუმარ-მასპინძელს“ ეფუძნება. მთავარი ხაზი, ქართული კინომუსიკის ფონზე, ამ ორი ნაწარმოების ფილოსოფიის გაშლა იქნება. 

მუსიკალური ნაწილი ნოდარ გაბუნიასა და სოსო ბარდანაშვილის კომპოზიციებსა და თავად ფილმის მუსიკალურ ბილიკზეა აწყობილი და თანამედროვე არანჟირებითაა წარმოდგენილი. მუსიკას შეასრულებენ გიორგი ცაგარელი, ნიკოლოზ რაჭველი, ნატო მეტონიძე, Zagareli & Strings და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსები. საუნდ დიზაინი – ნიკა მაჩაიძე

საღამოს გახსნის მოწვეული მოდერატორი, ლევან ბერძენიშვილი, რომელიც ისაუბრებს ვაჟა ფშაველას შემოქმედების მნიშვნელობასა და მწერლის მსოფლმხედველობაზე. სტუმრები, ასევე, მოისმენენ უცნობ და საინტერესო ბიოგრაფიულ ფაქტებს ვაჟა ფშაველაზე და ნაწყვეტებს მისი შემოქმედებიდან. 

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. 

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.

მასალების გადაბეჭდვის წესი