ახალი ამბები

“ოცნება” ბლინკენის და სხვების კრიტიკას მოსამართლეთა დანიშვნაზე “შემაშფოთებელს” უწოდებს

16 ივლისი, 2021 • 1135
“ოცნება” ბლინკენის და სხვების კრიტიკას მოსამართლეთა დანიშვნაზე “შემაშფოთებელს” უწოდებს

“ქართული ოცნება” აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს პასუხობს, რომელმაც უზენაეს  სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გამო შეშფოთება გამოხატა.

ბლინკენის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ მოსამართლეობის კანდიდატთა დანიშვნა 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება, ერთობლივი განცხადებით უპასუხეს “ქართული ოცნების” ლიდერებმა, ირაკლი კობახიძემ, არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.

“ოცნების” ლიდერების თქმით, “ზედმიწევნით შესრულდა პოლიტიკური შეთანხმების ყველა პირობა” და ამიტომ შემაშფოთებელია განცხადებები და შეფასებები, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით ვრცელდება.

“შემაშფოთებელია, რომ ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია პოლიტიკური შეთანხმების შესრულების შესახებ. ამგვარი ქმედებები საფრთხეს უქმნის ნებისმიერ დიალოგს, რომელიც სხვადასხვა შიდაპოლიტიკური საკითხის გარშემო მომავალში შეიძლება გაიმართოს.

პოლიტიკური მოლაპარაკებების მსვლელობისას, მოლაპარაკებების შინაარსის შესახებ მუდმივად ვაწვდიდით დეტალურ ინფორმაციას სამთავრობო გუნდსა და საპარლამენტო უმრავლესობას. შესაბამისად, გუნდის თითოეული წევრი ზედმიწევნით იყო ინფორმირებული დოკუმენტის დეტალების შესახებ და მათ სწორედ ამ დეტალების გათვალისწინებით მიიღეს გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებასთან შეერთების შესახებ. შესაბამისად, გუნდის თითოეული წევრისთვის გასაკვირი და შემაშფოთებელია განცხადებები და შეფასებები, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით ვრცელდება”, – აცხადებენ “ოცნების” ლიდერები.

მათი თმქით,  „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლიდან სასამართლო სისტემა თვისებრივად გარდაქმნა და  სასამართლო “დღეს დგას სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის სამსახურში”.

“აღნიშნული ფუნდამენტური პროგრესი გამოხატულია როგორც სტატისტიკური მონაცემებით, ისე მაღალრეპუტაციული საერთაშორისო ინსტიტუტების რეიტინგებით. თუმცა, გვესმის, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა მუდმივ განმტკიცებას მოითხოვს.

აქედან გამომდინარე, ჩვენ გამოვხატეთ მზაობა სასამართლო რეფორმის გაგრძელებასთან დაკავშირებით და ამ ამოცანას საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განვახორციელებთ. სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის შემდგომი განმტკიცება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ამოცანაა. შეგახსენებთ, რომ აქედან გამომდინარე, სასამართლო რეფორმის გაგრძელება არის არა მხოლოდ 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების, არამედ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის შემადგენელი ნაწილიც

მზად ვართ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ნებისმიერ ფორმატში დეტალურად განვიხილოთ პოლიტიკური შეთანხმების შინაარსი და მისი შესრულების მდგომარება, რაც საბოლოოდ ნათელს მოჰფენს სიმართლეს”, – აცხადებენ “ოცნებაში”.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტოტონი ბლინკენი ეხმაურება საქართველოში უზენაეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას.

ის წერს, რომ აშშ ღრმად შემაშფოთებელია კანდიდატთა ამ სიის დანიშვნით და ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმებას.

„ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა დანიშვნით, რაც ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმებას. ამბიციური სასამართლო რეფორმა საქართველოს წარმატებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – წერს ბლინკენი.

მასალების გადაბეჭდვის წესი