მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები ამ ძალადობის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ. ჟურნალისტები ჯერ კიდევ 5 ივლისის საღამოს ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ჰომოფობიური ჯგუფების ქმედებების ფონზე, მოვლენათა ეპიცენტრში, პოლიცია შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი და მან ვერ უზრუნველყო მედიის წარმომადგენელთა უსაფრთხოება.
აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლებას მკაფიო და მკაცრი პასუხი უნდა ჰქონდეს.
მისი თქმით, თუ ხელისუფლების პასუხი მკაცრი არ იქნება, მაშინ ეს ძალადობას წაახალისებს.
“ძალადობა მიუღებელია. საჭიროა მკაფიო, ძლიერი გზავნილი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომ ის პირები, რომლებიც ამ პროცესბში მონაწილეობდნენ, იქნებოდა ეს ძალადობა, წახალისება თუ სხვა რამ, მიეცემიან პასუხისგებაში და ამას ექნება რეალური შედეგები.
თუ არ იქნება მკაფიო და მკაცრი გზავნილები ხელისუფლების მხრიდან, ეს გარკვეულწილად წაახალისებს სხვებს ძალადობისკენ. ხელისუფლების ფუნდამენტური პასუხისმგებლობაა, დაიცვას მოქალაქეები და მათ მიერ კონსტიტუციური უფლებების გამოხატვა მშვიდ და უსაფრთხო გარემოში”, – განაცხადა კელი დეგნანმა.
5 ივლისის ძალადობა და გარდაცვლილი ოპერატორის საქმე
“ტვ პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად გამოსულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისს, მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში სცემეს. ოპერატორმა მძიმე დაზიანებები მიიღო: აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა, ბოლო დღეებში კი მკურნალობას სახლში აგრძელებდა.
11 ივლისს ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაიცვალა, რასაც 2-დღიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და სხვა მოქალაქეების მონაწილეობით.
მეორე დღეს შსს-მ თქვა, რომ ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი, შუალედური დასკვნით, შესაძლოა, ნარკოტიკული ზედოზირება ყოფილიყო. ასევე დასახელდა ის ნივთიერებები, რომელიც, უწყების ცნობით, ლაშქარავას სხეულში აღმოჩნდა, თუმცა შსს-ს წარმომადგენელს არ უთქვამს, დაადგინა თუ არა სიკვდილის მიზეზი ექსპერტიზამ და გახდა თუ არა სიკვდილის მიზეზი აღმოჩენილი ნივთიერებები. მან ამის შესახებ მხოლოდ სავარაუდო ინფორმაცია გაავრცელა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისი გამოეხმაურა საქართველოში 5 და 6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს და ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, განიხილავს თუ არა ვაშინგტონი საქართველოს ხელისუფლების რიგი წარმომადგენლებისთვის პერსონალური სანქციების დაწესების შესაძლებლობას. პრაისის თქმით, სანქციებზე წინასწარ არ ლაპარაკობენ, თუმცა მოვლენებს თვალს ახლოდან ადევნებენ.