საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სამორინეს მოწყობისათვის სანებართვო მოსაკრებლის განახევრებაზე განმარტებას ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება ერთჯერადადაა მიღებული და მიზნად ისახავს პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების გამო თბილისში მოქმედ სამორინეებში წარმოქმნილი ეკონომიკური სიძნელეების დაძლევას.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2020 წლის 21 მარტიდან სამორინეებს შეზღუდული ჰქონდათ საქმიანობა და მუშაობის განახლების შესაძლებლობა 2021 წლის პირველი აპრილიდან მიეცათ, თუმცა, მიუხედავად ამისა, სამინისტროს თქმით, არსებული სირთულეების გამო დღემდე ვერ შეძლეს ფუნქციონირების დაწყება.
“ცნობისთვის, 2020 წლის 21 მარტის მდგომარეობით, ქ. თბილისში მოქმედ სამორინეების კანონმდებლობის შესაბამისად, წინასწარ ჰქონდათ გადახდილი სანებართვო მოსაკრებელი 5 მლნ ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ მათთვის მიიღო ერთჯერადი გადაწყვეტილება. კერძოდ, ქ. თბილისში იმ სამორინეებისთვის, რომლებიც ნებართვას აიღებენ 2021 წლის 5 ივლისიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე, წელს სანებართვო მოსაკრებელი იქნება 2 500 000 ლარი. გარდა ამისა, 2022 წელს 2 500 000 ლარს გადაიხდიან ქ.თბილისში მოქმედი ის სამორინეები, რომელთაც სამორინეს მოწყობის ნებართვა აღებული აქვთ 2021 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის 5 ივლისამდე”, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.
უწყების თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ეს ერთჯერადი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება თბილისში მოქმედ ყველა სამორინეს და ყველა სამორინესთან მიმართებით ვრცელდება მხოლოდ ერთი წლის სანებართვო მოსაკრებელზე (ნებართვები გაიცემა 5 წლის ვადით), დაეხმარება სექტორს საქმიანობს განახლებაში:
“აქვე განვმარტავთ, რომ იმ პირებისთვის, რომლებიც წელს ისარგებლებენ მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილებით (ნებართვას აიღებენ 2021 წლის 5 ივლისიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე) 2022 წელს სამორინეს მოწყობისათვის სანებართვო მოსაკრებელი კვლავ 5 მლნ ლარი იქნება” ,- აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის ტერიტორიაზე მომავალი 1 წლის განმავლობაში სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებელი 5 მილიონი ლარის ნაცვლად 2.5 მილიონ ლარამდე შემცირდა.
აღნიშნული შეეხება ნებართვებს, რომელიც 2021 წლის 5 ივლისიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე გაიცემა თბილისის მთელ ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობასთან დაკავშირებით.
შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ 11 ივლისს მიიღო. დოკუმენტის მიხედვით, კვლავ 2.5 მილიონი ლარი იქნება ნებართვის აღებიდან მეორე წელს სანებართვო მოსაკრებლის ღირებულება.
“თბილისის ტერიტორიაზე 2021 წლის 5 ივლისიდან 2022 წლის 1 იანვრამდე გაცემული სამორინეს მოწყობის ნებართვისათვის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებელი განისაზღვროს 2 500 000 ლარის ოდენობით.
თბილისის ტერიტორიაზე 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 5 ივლისამდე გაცემული სამორინეს მოწყობის ნებართვისათვის პირველი წლის მომდევნო წლის სანებართვო მოსაკრებელი განისაზღვროს 2 500 000 ლარის ოდენობით” ,— ვკითხულობთ მთავრობის დადგენილებაში, რომელიც უკვე ძალაშია შესული.