ახალი ამბები

რუსთავში 27 წლის კაცი მოკლეს, მეორე დაჭრეს

15 ივლისი, 2021 • 2026
რუსთავში 27 წლის კაცი მოკლეს, მეორე დაჭრეს

რუსთავში 27 წლის კაცი მოკლეს, მისი თანმხლები ერთი პირი დაჭრეს, კიდევ ერთს კი სცემეს. პოლიციამ ამ საქმეზე 35 და 20 წლის პირები დააკავა, რომელთაც დღეს ბრალი წარედგინათ.

სამართალდამცავი უწყებების ცნობით, მკვლელობა 14 ივლისს რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე მოხდა.

პოლიციისა და პროკურატურის თანახმად, მოქალაქე ნ.დ-მ ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა 27 წლის ორი პირი, ერთს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი თანმხლებ პირთან ერთად მიიმალა.

ერთ-ერთი დაჭრილი, გიორგი აბულაძე, საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, მეორე კი ექიმებმა გადაარჩინეს.

მკვლელობაში ბრალდებულის თანხმლებმა პირმა, ინიციალებით გ.ჩ-მ, ეს ამბავი პოლიციას არ შეატყობინა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორივე მათგანი დააკავა. პროკურატურამ კი 15 ივლისს წარუდგინა ბრალდება:

ერთს ბრალდად ედება განზრახ მკვლელობა, ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა და „სხვაგვარი ძალადობა“, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მეორე დაკავებულს ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა, რაც 3-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურა აცხადებს, რომ სასამართლოში მათ პატიმრობას მოითხოვს და გამოძიება გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი