ახალი ამბები

კობახიძის თქმით, 19 ივლისს საქართველოში შარლ მიშელი ჩამოვა

14 ივლისი, 2021 • 1910
კობახიძის თქმით, 19 ივლისს საქართველოში შარლ მიშელი ჩამოვა

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტი იგეგმება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში 19 ივლისს ჩამოვა და მას მიაწვდიან ინფორმაციას როგორც 5 ივლისს საპოლიციო ძალების გათვლებზე, ასევე, მომხდარი ძალადობის შემდეგ სახელმწიფოს რეაგირებაზე:

“დაგეგმილია და, როგორც ვიცი, 19 ივლისს აპირებს ჩამოსვლას. 5 ივლისს რაც შეეხება, ჩვენ ახლაც ვაწვდით და შარლ მიშელსაც მივაწვდით ინფორმაციას, რა რისკები იყო მოსალოდნელი, რა რისკები იყო გათვლილი, როგორ იმოქმედეს სამართალდამცავებმა და ა.შ. მათ შორის მივაწვდით ინფორმაციას, როგორი რეაქცია ჰქონდა სახელმწიფოს მას შემდეგ, რაც სამწუხაროდ, ეს ძალადობა იქნა ჩადენილი” ,- ამბობს ირაკლი კობახიძე.

“რუსთავი 2-ის” ეთერში ირაკლი კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ მმართველი პარტია ზედმიწევნით ასრულებს შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული შეთანხმების დოკუმენტს:

“მე შემიძლია გითხრათ, რაც გავაკეთეთ უზენაესის მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით, ზუსტად შეესატყვისება, რაზეც ზეპირსიტყვიერად შევთანხმდით და წერილობით ავსახეთ შარლ მიშელის დოკუმენტში. რაც ეწერა დოკუმენტში, ზუსტად ის გაკეთდა.

გაკეთდა პაუზა, მივიღეთ კანონი, რომელიც ზუსტად შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ამის შემდეგ, როგორც ეწერა შარლ მიშელის დოკუმენტში, ხელახლა გამოცხადდა საბუთების მიღება დამატებითი კანდიდატებისთვის და ამის შემდეგ განახლდა პროცესი”, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

ევროკომისიის კრიტიკას კი “ცალკეული ჩინოვნიკის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაციის შედეგს” უკავშირებს.

შეიძლება ცუდად იმოქმედოს დახმარების გამოყოფაზე – ევროკომისია მოსამართლეების დანიშვნაზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი