ახალი ამბები

გადაჭრილი არიან პირდაპირ პოლიტიკაში — სამხარაძე გათიშულ ტელევიზიებზე

14 ივლისი, 2021 • 1264
გადაჭრილი არიან პირდაპირ პოლიტიკაში — სამხარაძე გათიშულ ტელევიზიებზე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ტელეკომპანიები, რომლებიც პროტესტის ნიშნად გათიშულია, “პოლიტიკაში გადაჭრილები” არიან.

სამხარაძის თქმით, მათ საერთო არაფერი აქვთ ჟურნალისტიკასთან.

“ეს ოთხი არხი მანამდეც და ახლაც გადაჭრილი არიან პირდაპირ პოლიტიკაში. ამის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იყო ის, რომ ისინი შემოვარდნენ პლენარულ სხდომათა დარბაზში და პარლამენტს მორიგი სესიის ჩატარების შესაძლებლობას არ აძლევდნენ, რაც არის მიუღებელი ფაქტი.

შესაბამისად, მათ ძალიან ღიად წარმოაჩინეს თავისი სახე, რომ ისინი არიან პოლიტიკის ნაწილი და პოლიტიკურ საქმიანობაში არიან ჩართული, რასაც მე ვფიქრობ, რომ ჟურნალისტიკასთან საერთო არაფერი აქვს”,  – განაცხადა სამხარაძემ.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით პროტესტის ნიშნად ოთხმა ტელეკომპანიამ დღეს, 14 ივლისს, მუწყებლობა 24 საათით შეწყვიტა.

ეს ტელეკომპანიები არიან – „ტვ პირველი“; „ფორმულა“; „მთავარი არხი“ და „კავკასია“

ტელეკომპანიების ეთერებში იმ ჟურნალისტთა სია ჩანს, ვისაც 5-6 ივლისის ძალადობრივი აქციების დროს თავს დაესხნენ – ისინი დაშავდნენ ან/და მათ მუშაობაში ხელი შეუშალეს.

სიის ბოლოს კი ჩნდება წარწერა – „გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი! დაისაჯოს ყველა მოძალადე!“

გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი! – ოთხმა ტელევიზიამ პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა შეწყვიტა

მასალების გადაბეჭდვის წესი