ახალი ამბები

booking.moh.gov.ge არ მუშაობს – რას ჰყვებიან მოქალაქეები, ვინც ფაიზერზე ვერ დარეგისტრიდნენ

14 ივლისი, 2021 •
booking.moh.gov.ge არ მუშაობს – რას ჰყვებიან მოქალაქეები, ვინც ფაიზერზე ვერ დარეგისტრიდნენ

დღეს, 14 ივლისს, 15:00 საათიდან  booking.moh.gov.ge-ზე „ფაიზერზე“ დასაჯავშნი ადგილები უნდა გახსნილიყო, თუმცა საიტი ისეთი შეფერხებით მუშაობს, რომ მოქალაქეები უბრალოდ ვერ რეგისტრირდებიან – ჯავშნები კი ნელ-ნელა ივსება.

ისტორია თითქმის ყველასთვის ერთი და იგივეა – საიტი ჭედავს, წვალებისა და ლოდინის შემდეგ დასაჯავშნი ველები ჩნდება, ჩნდება დადასტურების ღილაკიც, უკვე ამის შემდეგ კი პროცესი წინ აღარ მიდის.

ნეტგაზეთი ესაუბრა სამ ადამიანს, რომლებსაც არაფერი აკავშირებთ ერთმანეთთან, გარდა იმისა, რომ ვერც ერთმა მათგანმა რეგისტრაცია გაუმართავი საიტის გამო ვერ შეძლო.

„მე თვითონ აცრილი ვარ უკვე, მეგობარს ვარეგისტრირებდი – დაახლოებით  14:30 საათზე მქონდა საიტი გახსნილი, მობილიზებული ვიყავი და განცდა მქონდა, რომ ომში მივდიოდი, მოლოდინი მქონდა იმის, რაც მოხდებოდა.

მანდ საოცრება ის არის, რომ აქვთ უკვე გამოცდილება იმისა, რომ საიტი ვერ უძლებს ტრეფიკს და შეეძლოთ ამის გამოსწორება, მაგრამ არაფერს არ ან ვერ სწავლობენ. ბევრი საუბრობს უკვე იმაზეც, რომ ირიბი ფორმებით ხდება რეგისტრაცია ნაცნობებისა და თავიანთი, ასე ვთქვათ, თანამოაზრეების და საბოლოოდ, როდესაც რიგითი მოქალაქე შევა საიტზე, ყველა ადგილი დაკავებული იქნება. არ გამოვრიცხავ, რომ ეს სინამდვილეში გამიზნულად იყოს გაკეთებული“, – ამბობს ნეტგაზეთთან გიორგი კიკონიშვილი.

გიორგი კიკონიშვილი 10 ივნისის აქციაზე, ფოტო: გიორგი გოგია/რადიო თავისუფლება

რეგისტრაციის პროცესის აღწერისას ის იხსენებს, რომ მზადყოფნაშია უკვე 2 საათზე მეტია, დაჯავშნაც მოახერხა, თუმცა, საბოლოო ეტაპზე, როდესაც ვერიფიკაციის კოდი უნდა მოსულიყო, საიტმა გაჭედა, ბოლოს კი გაითიშა.

„ეს ადამიანის ფსიქიკაზე მიყენებული დარტყმაა და ამ ყველაფერთან ერთად, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა დადგეს NCDC-სა და ჯანდავის სამინისტროს სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, იმიტომ, რომ ამ ჩავარდნილი სისტემის გამო ადამიანების სიცოცხლეს ვკარგავთ ყოველდღიურად და ეს არის მათი სამართლებრივი პასუხიმსგებლობის საკითხი“, – ამატებს ის.

იმავე გამაღიზიანებელ პროცესს აღწერს ნეტგაზეთთან ნიტა გოგრიჭიანი. ის გვიყვება, რომ თავად ალერგიულია და სანამ აიცრებოდა, ექიმთან გაიარა კონსულტაციები.

„15:00 საათს წუთები რომ აკლდა, ჩავუსაფრდი და „ვარეფრეშებდი“ (გადატვირთვა; განახლება) საიტს. 15:00 საათზე დავიწყე მონაცემების შეყვანა, თუმცა ყველაფერი გაიჭედა, საიტმა გამომაგდო. 15 წუთი ვცდილობდი დარეგისტრირებას, მიყავდი შევსების ველამდე – ხან ასარჩევ რეგიონს არ მიჩვენებდა, ხან ვაქცინას…“, – ამბობს ის.

ნიტა გოგრიჭიანი. ფოტო: პირადი ფეისბუკი

წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ნიტა გოგრიჭიანმა ცხელ ხაზზეც სცადა დარეგისტრირება, თუმცა მიუწვდომელი იყო.

„ისედაც ძალიან ცოტა ადამიანს უნდა, რომ აიცრას და ამის ფონზე 3 საათს რომ ცდილობ და მაინც ვერ შედიხარ. სულ მცირე, ძალიან ცუდია… მგონია, რომ შესაძლოა, არც იმდენი დოზა აქვთ, რასაც ამბობენ… დარწმუნებული ვარ, 1 წელიწადში საიტის ამ პრობლემის აღმოფხვრა შესაძლებელი იყო, მაგრამ ამას არ აკეთებენ. არ აქვთ საკმარისი რესურსი“, – აცხადებს ის.

შეფერხებულ საიტზე ნეტგაზეთთან ჰყვება ლევან კიკნაძეც. ისიც სხვების მსგავსად ამბობს, რომ უამრავი ცდის შემდეგ რეგისტრაცია ვერ შეძლო.

ლევან კიკნაძე. ფოტო: პირადი ფეისბუკი

„ვრეგისტრირდებოდი ფაიზერზე. დავიწყე რეგისტრაცია ისევე, როგორც ყველამ – 15:00 საათზე. რამდენიმე ბრაუზერში მქონდა ჩართული, რომ მომესწრო. პირველივე წუთებში ძალიან მიჭირდა, თუმცა მაინც მოვახერხე თარიღისა და დროის შერჩევა, შევიყვანე პირადი მონაცემები და მას შემდეგ, რაც ვაჭერდი „რეგისტრაციას“ – ამის შემდეგ აღარ მიშვებდა. დაახლოებით 40 წუთი, ლამის 4 საათამდე ვაჭერდი „დადასტურებას“ და ბოლო საფეხურზე აღარ მიშვებდა. ვერ დავრეგისტრირდი“, – ამბობს ის.

ლევან კიკნაძე იხსენებს, რომ იგივე პროცედურა რამდენჯერმე სცადა, თუმცა, უშედეგოდ – საიტი მას არ არეგისტრირებდა.

„ლოგიკურად 28 ათასი დოზა იყო – იმდენად პატარა რიცხვი არის, რომ კი მქონდა იმედი, თუმცა რეალისტურად ვუდგებოდი, ვინაიდან 14 ათას ადამიანზე განკუთვნილი დოზები არაფერია თბილისისთვის და მით უფრო, საქართველოსთვის. აბსოლუტურად არასაკმარისია ასეთი მცირე ოდენობის ვაქცინები. შესაბამისად, იმედგაცრუებული ნაკლებად, ცოტა გაღიზიანებული ვარ“, – ამბობს ნეტგაზეთთან ლევან კიკნაძე.

(განახლება: რამდენიმესაათიანი ცდის შემდეგ, ლევან კიკნაძემ ნეტგაზეთს შეატყობინა, რომ საბოლოოდ დარეგისტრირება მოახერხა.)

საქართველოში „ფაიზერის“ 28 ათასი დოზა ჩამოვიდა – 14 ათასი ადამიანის სამყოფი ვაქცინა. მათზე რეგისტრაცია 15:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. ამ დრომდე [18:00 საათი] საიტი შეფერხებით მუშაობს, პერიოდულად კი ითიშება.

მასალების გადაბეჭდვის წესი