ახალი ამბები

„რა ჯანდაბა უნდა EU-ს დროშას საქართველოს მთავრობის პრესკონფერენციაზე?“ — ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი

14 ივლისი, 2021 •
„რა ჯანდაბა უნდა EU-ს დროშას საქართველოს მთავრობის პრესკონფერენციაზე?“ — ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი

ესტონეთის ყოფილ პრეზიდენტ ტოომას ჰენდრიკ ილვესს ინტერესებს, თუ „რა ჯანდაბა უნდა ევროკავშირის დროშას საქართველოს მთავრობის პრესკონფერენციაზე“.

ასე გამოეხმაურა ჰენდრიკს ილვესი ჟურნალისტ მარკ მაკ-კინონის პოსტს „ტვ პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ ჟურნალისტების მიერ მოწყობილი პროტესტის შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. კადრში ჩანს, რომ მთავრობის პრესკონფერენციაზე საქართველოს დროშასთან ერთად ევროკავშირის დროშაცაა ტრიბუნასთან დამონტაჟებული.

„რა ჯანდაბა უნდა საქართველოს მთავრობის პრესკონფერენციაზე ევროკავშირის დროშას, რომელიც დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის სიმბოლოა? თქვენ ვერც ახლა და ვერც ვერასდროს ვერ მოხვდებით შიგნით, ჩვენი სიმბოლოების მისაკუთრებით“, — დაწერა მან საქართველოს მთავრობის მისამართით.


5 ივლისის ძალადობრივი და ჰომოფობიური აქცია

5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო კარვების, ასევე, „სირცხვილიას“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.

ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაიცვალა „ტვ პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „სირცხვილიას“ ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ. აღნიშნულს თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციები მოჰყვა მედიის წარმომადგენლების, პოლიტიკოსებისა და სხვა მოქალაქეების მონაწილეობით.

მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები ამ ძალადობის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. ჟურნალისტები ჯერ კიდევ 5 ივლისის საღამოს ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ჰომოფობიური ჯგუფების ქმედებების ფონზე, მოვლენათა ეპიცენტრში, პოლიცია შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი და მან ვერ უზრუნველყო მედიის წარმომადგენელთა უსაფრთხოება.

ძალადობრივი აქციის წარმომადგენლებმა რუსთაველზე ორჯერ ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა.

მასალების გადაბეჭდვის წესი