ახალი ამბები

შსს-მ 5 ივლისის ძალადობაზე კიდევ ერთი პირი დააკავა

14 ივლისი, 2021 • 1002
შსს-მ 5 ივლისის ძალადობაზე კიდევ ერთი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადბეით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს პირი, რომელიც 5 ივლისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

უწყების ცნობით, დაკავებულია 1992 წელს დაბადებული გ.მ., რომელმაც მიმდინარე წლის 5 ივლისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.

5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა სულ 21 პირი დააკავეს.


5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.

ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაიცვალა “ტვ პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს “სირცხვილიას” ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ. აღნიშნულს თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციები მოჰყვა მედიის წარმომადგენლების, პოლიტიკოსებისა და სხვა მოქალაქეების მონაწილეობით.

მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები ამ ძალადობის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. ჟურნალისტები ჯერ კიდევ 5 ივლისის საღამოს ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ჰომოფობიური ჯგუფების ქმედებების ფონზე, მოვლენათა ეპიცენტრში, პოლიცია შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი და მან ვერ უზრუნველყო მედიის წარმომადგენელთა უსაფრთხოება.

მასალების გადაბეჭდვის წესი