ახალი ამბები

შეიძლება ცუდად იმოქმედოს დახმარების გამოყოფაზე – ევროკომისია მოსამართლეების დანიშვნაზე

14 ივლისი, 2021 • 1675
შეიძლება ცუდად იმოქმედოს დახმარების გამოყოფაზე – ევროკომისია მოსამართლეების დანიშვნაზე

ევროკომისიის პრეს-სპიკერი პიტერ სტანო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს დაკარგული შესაძლებლობაა სისტემის რეფორმირებისთვის და ამან შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფაზე.

ორშაბათს, 12 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს ექვს მოსამართლეს, მიუხედავად ევროკავშირის მოწოდებისა, შეჩერებულიყო დანიშვნის პროცესი და ხელისუფლებას ამ პროცესისთვის გადაეხედა „ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად“.

როგორც ევროკომისიის 14 ივლისს განცხადებაშიცაა მითითებული, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) ახლახან თავის შუალედურ ანგარიშში შეშფოთება გამოთქვა კანდიდატების წარდგენის პროცესის სამართლიანობასა და თანასწორობასთან დაკავშირებით.

„დანიშვნები ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმების საკვანძო დებულებებს, რომელთა თანახმად უნდა გაკეთდეს პაუზა ყველა მიმდინარე დანიშვნასთან დაკავშირებით, სრულად შესრულდეს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია და ზოგადად გაიზარდოს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმის პროცესში“, – აცხადებს ევროკომისიის პრეს-სპიკერი.

პიტერ სტანოს თანახმად, „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის დაწყებამდე მათი შერჩევის პროცესის გადახედვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ასევე, არის საქართველოსთვის ევროკავშირის მოქმედი პროგრამით გათვალისწინებული მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის შეთანხმებული წინაპირობა, რომელზეც ამ ნაბიჯმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს“.

„ამიტომ ეს კენჭისყრა საქართველოს ხელისუფლებისთვის არის დაკარგული შესაძლებლობა სასამართლო სისტემის ჭეშმარიტი და ყოვლისმომცველი რეფორმის მიმართ თავისი ერთგულების დამტკიცებისთვის. ეს მოვლენები სასამართლოს დამოუკიდებლობისა და საზოგადოების ნდობისთვის ზიანის მიყენების საფრთხის შემცველია“, – აცხადებს იგი.

სპიკერის თანახმად, ევროკავშირი ღიაა შემდგომი მოლაპარაკებებისთვის უმაღლეს დონეზე, რათა „განიხილოს სასამართლო სისტემის რეფორმა და მომავალი ქმედებები ამ მოვლენების შემდეგ, განსაკუთრებით 19 აპრილის შეთანხმებისა და საქართველოსთვის ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების შესახებ გადაწყვეტილებების კონტექსტში“.

საქართველოს პარლამენტმა 6 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში 12 ივლისს დანიშნა. შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც მანამდე სხდომათა დარბაზში მიმდინარე დაპირისპირების გამო ვერ იწყებოდა.

სამოქალაქო სექტორი და დიპლომატები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ აერჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული მართლმსაჯულების რეფორმის გატარებამდე.

უზენაეს სასამართლოში დაინიშნენ:

რევაზ ნადარაია
ბიძინა სტურუა
ლაშა ქოჩიაშვილი
ლევან თევზაძე
გიორგი გოგიაშვილი
გოჩა აბუსერიძე

პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა სამ კანდიდატს:

ეკა ზარნაძე
ქეთევან მესხიშვილი
გიორგი შავლიაშვილი

პარლამენტმა 6 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში დანიშნა

მასალების გადაბეჭდვის წესი