ახალი ამბები | სამართალი | , , ,

კუტალაძის მტკიცებით, “ქართველი ვაჟკაცია” და არა მოძალადე: რა ითქვა პროცესზე

13 ივლისი, 2021 | | 2054
კუტალაძის მტკიცებით, “ქართველი ვაჟკაცია” და არა მოძალადე: რა ითქვა პროცესზე

“ტვ პირველის” ოპერატორზე, ალექსანდრე ლაშქარავაზე თავდასხმაში ბრალდებული დავით კუტალაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და არ ფიქრობს, რომ მოძალადეა. 13 ივლისს გამართულ სასამართლო პროცესზე, რომელზეც მას პატიმრობა შეუფარდეს, კუტალაძემ 5 ივლისის ძალადობრივ პროცესებში თავისი მონაწილეობა გაამართლა და სამშობლოს დაცვით ახსნა, გამორიცხა ძალადობა ჟურნალისტებზე და მოსამართლეს თავი “ქართველ ვაჟკაცად” წარუდგინა.

რა თქვა კუტალაძემ სასამართლოზე?

დავით კუტალაძე, რომელიც 12 ივლისს დააკავეს “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფზე – ალექსანდრე ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე – თავდასხმის ბრალდებით, თბილისში გამართულ ჰომოფობიურ და ძალადობრივ აქციაში მონაწილეობას არ ნანობს. მან სასამართლო პროცესზე ისაუბრა, რატომ გადაწყვიტა, ქუთაისიდან თბილისში საგანგებოდ, პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი მარშის ჩასაშლელად ჩამოსულიყო.

“ჩვენ დავინახეთ  ვიდეოები, სადაც ამ ლგბტ-ს წარმომადგენლებმა ჩვენი ეროვნული დროშისა და ქართული მუსიკის ფონზე ჩაიდინეს უმსგავსო საქციელი. ჩვენს სამებას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და [თქვეს] რომ 5 ივლისს ისინი გამოვიდოდნენ რუსთაველზე, სადაც ჩვენი გმირები დაიხოცნენ… და დაარქვეს სახელი – “ღირსების მარში”, – თქვა კუტალაძემ ისე, რომ გაურკვეველი დარჩა, კონკრეტულად რომელმა ვიდეოებმა გამოიწვია მისი გაღიზიანება.

შემდეგ კი განაგრძო იმ დღეზე საუბარი, როცა თბილისში ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ათეულობით ჟურნალისტს სცემეს:

“ეს იყო ჩვენი სულიერი, მორალური, ადამიანური გამოწვევა. დავრწმუნდი, რომ ამ საქციელით მათ სურდათ, ჩვენ გვეძალადა მათზე… და ჩვენთვის დაერქვათ მოძალადე ქრისტიანები…

მე წინასწარ ვიცოდი ეს და ამიტომაც მოვუწოდებდი ჩვენს მეგობრებს, რომ არავინ შეხებოდა მათ”, – ამტკიცებდა კუტალაძე სასამართლო პროცესზე.

დავით კუტალაძე

დავით კუტალაძე

ბრალდებული არაერთგზის ამტკიცებდა, რომ ძალადობაში არ ჩაბმულა, არის “მშრომელი გლეხი კაცის შვილი”, სუფთა წარსული აქვს და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში იმოგზაურა ისე, რომ დანაშაული არ ჩაუდენია.

“მე არა ვარ მოძალადე, მე ვარ ქართველი ვაჟკაცი, რომელიც ყოველთვის იამაყებს, რომ ქართველია”, – აღნიშნავდა ის.

კონკრეტულად ალექსანდრე ლაშქარავაზე საუბრისას, იმისთვის, რომ გამოერიცხა შესაძლო კავშირი ძალადობრივი ჯგუფების მიერ ოპერატორისთვის მიყენებულ დაზიანებებსა და მის გარდაცვალებას შორის, კუტალაძემ ჯერ იმაზე მიანიშნა, რომ ლაშქარავა გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე თავს კარგად გრძნობდა, შემდეგ კი აპელირება დაიწყო შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებზე, რომლებიც გარდაცვალების წინა დღეს ოპერატორის გადაადგილების მარშრუტს აღწერს.

“ჟურნალისტებმა დაგვაბრალეს იმ ადამიანის – ღმერთმა გაანათლოს მისი სული, ვინც გარდაიცვალა – ხელყოფა. დადეს განცხადება, რომ ადამიანს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული, ტვინის შეშუპება მიღებული… შემდეგ ვნახეთ ვიდეო, რომ ადამიანი გამოდის შოუში და ნახევარი საათი საუბრობს, ამბობს, რომ არაფერი არ ჭირს, არის სრულიად ჯანმრთელი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემდეგ 6 დღის შემდეგ იდება ვიდეოები, რომ ადამიანი შედის აფთიაქში და მერე ბრუნდება არაფხიზელ მდგომარეობაში. [მათ] უნდათ, რომ მისგან შექმნან განტევების ვაცი, რომ ჩვენ ამ ადამიანს ხელით შევეხეთ, ჩვენ მოვკალით და შემდეგ ამაზე აეგორებინათ თავისი ბოროტი განზრახვები”.

ალექსანდრე ლაშქარავა მას შემდეგ, რაც ძალადობრივმა ჯფუფებმა სცემეს. 05.07.21

დავით კუტალაძემ ლგბტ ადამიანები, რომელთაც “ღირსების მარშის” ჩატარება სურდათ, არაერთგზის მოიხსენია ჰომოფობიური, სიძულვილის შემცველი ტერმინებით და აღნიშნა, რომ არ მისცემს მათ საშუალებას, ქალაქის ცენტრში მსგავსი ღონისძიებები ჩაატარონ.

საგულისხმოა, რომ კუტალაძე დაკავებამდე გავრცელებულ ვიდეომიმართვებშიც ჩიოდა იმაზე, რომ “მოძალადე დაარქვეს”, თუმცა, ამავე დროს, აკეთებდა განცხადებებს, რომლებითაც ამართლებდა ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმებს ჟურნალისტებზე. მაგალითად, ერთ-ერთ ფეისბუქ მიმართვაში ის ამბობს:

“საწყენია, რომ როგორც ვამბობდი, ყველაფერი ახდა. მოძალადეებად გამოგვაცხადებენ-მეთქი, მოძალადეებად გამოგვაცხადეს. ელემენტარული გარდაცვლილი ადამიანიც არ გვყავს და რა დღეში არიან… მედიაჟურნალისტს როგორ დააკარე თურმე ხელი… თქვენ ჟურნალისტები ხართ თუ აგვარებთ? რას ნიშნავს, ხელი როგორ დაგაკარეს? საქციელი გაგექცევა და მოგცემ მიკროფონის ფორმას და კამერას გაგთხრიან ტ***ში. რა მნიშვნელობა აქვს, შენ ჟურნალისტი ხარ და არავინ შეგეხოს?! ჟურნალისტი თუ ხარ, დაიკავე ჩვეულებრივად თანაბარი სიტუაცია”.

რა თქვეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა?

ბრალდების მხარე კუტალაძის პატიმრობას ითხოვდა, მიაჩნდა რა, რომ არსებობდა როგორც მიმალვის, ისე ხელახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. პროკურორმა თამარ იაკობიძემ ხაზი გაუსვა კუტალაძის “შეუწყნარებელ და გარკვეულად სტერეოტიპულ დამოკიდებულებას კონკრეტული თემის, თემთან ასოცირებული პირებისა და იმ პირთა მიმართ, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ უკავშირდება გამოხატვის თავისუფლებას”.

ბრალდების მხარემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ დავით კუტალაძე ძალადობრივ პროცესებში მონაწილეობდა 6 ივლისსაც, როდესაც მოქალაქეები თბილისის ცენტრში წინა დღით მომხდარი ძალადობის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ. ჰომოფობიური ჯგუფები ადგილზე ამ დემონსტრაციის პარალელურადაც გამოჩნდნენ, რამდენჯერმე სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა, ისროდნენ სხვადასხვა საგანსა და ასაფეთქებელს.

მას შემდეგ, რაც კუტალაძის ზემოხსენებული რეპლიკები მოისმინა, ბრალდების მხარემ აღნიშნა, რომ კიდევ უფრო განმტკიცდა პოზიცია ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების აუცილებლობაზე.

“ბრალდებული დღესაც იმას აცხადებს, რომ “მე არავის არ მივცემ ამის საშუალებას”, “მე არავის არ მივცემ ამის უფლებას”… მისთვის კანონს არ მიუნიჭებია იმის უფლება, რომ სხვისი გამოხატვის თავისუფლება ძალადობრივი ფორმით შეზღუდოს… ბრალდების მხარე ფიქრობს, რომ ბრალდებულის განცხადებებმა კიდევ უფრო მეტად განამტკიცა  პოზიცია [პატიმრობაში დატოვების აუცილებლობის შესახებ]”, – დასძინა პროკურატურის წარმომადგენელმა.

ბრალდების მხარემ ჟურნალისტებს ისიც უთხრა, რომ მტკიცებულებების სახით არსებობს “გარკვეული ვიდეომასალები”, რომელშიც კუტალაძე ფიგურირებს.

სანამ ეს და სხვა მტკიცებულებები დღის სინათლეს იხილავს, დაცვის მხარე ფიქრობს, რომ ამჟამინდელი მოცემულობით ბრალდების მხარის ვერსია არ მტკიცდება. შესაბამისად, კუტალაძისთვის პატიმრობის შეფარდების წინაპირობა არ არსებობდა.

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ იქმნება იმის დასაბუთებული ვარაუდი, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა ეს დანაშაული”, – უთხრა მედიას ადვოკატმა სერგო ხურციძემ.

მანვე სასამართლო დარბაზში აღნიშნა, რომ მოქალაქის კანონმორჩილება მისი სუფთა წარსულითა და ნასამართლეობის ისტორიით იზომება. მისი თქმით, კუტალაძის წარსული “სუფთაა” და, შესაბამისად, ის “აბსოლუტურად კანონმორჩილია”.

საბოლოოდ, მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიების სახით დავით კუტალაძეს პატიმრობა შეუფარდა. დარბაზში მყოფი ჟურნალისტები ტაშითა და შეძახილებით შეხვდნენ მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას.

ბრალდებები კუტალაძეს და გარდაცვლილი ოპერატორის საქმე

დავით კუტალაძე პოლიციამ 12 ივლისს დააკავა. მას ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლას, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნას და ჯგუფურ ძალადობას ედავებიან.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში კუტალაძემ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს – ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასა და ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას –  სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.

აქცია პარლამენტთან ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ

აქცია პარლამენტთან ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ

იმ დღეს ალექსანდრე ლაშქარავა  “სირცხვილიას” ოფისში, არაერთმა პირმა სცემა, რის შედეგადაც ოპერატორმა მძიმე დაზიანებები მიიღო: აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა, ბოლო დღეებში კი მკურნალობას სახლში აგრძელებდა.

11 ივლისს ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მეორე დღეს შსს-მ თქვა, რომ ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი, შუალედური დასკვნით, შესაძლოა, ნარკოტიკული ზედოზირება ყოფილიყო. ასევე დასახელდა ის ნივთიერებები, რომელიც, უწყების ცნობით, ლაშქარავას სხეულში აღმოჩნდა, თუმცა  შსს-ს წარმომადგენელს არ უთქვამს, დაადგინა თუ არა სიკვდილის მიზეზი ექსპერტიზამ და გახდა თუ არა სიკვდილის მიზეზი აღმოჩენილი ნივთიერებები. მან ამის შესახებ მხოლოდ სავარაუდო ინფორმაცია გაავრცელა.

ალექსანდრე ლაშქარავა დღეს დაკრძალეს. მედიის წარმომადგენლები, რომლებიც 5 ივლისის ძალადობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ, აღნიშნავენ, რომ ბრძოლას არ შეწყვეტენ მანამ, სანამ პასუხისმგებელი პირები არ დაისჯებიან.

ლექსო ლაშქარავა სახლიდან კამერების კორიდორით გააცილეს

მასალების გადაბეჭდვის წესი