ახალი ამბები

ლაშქარავაზე თავდასხმაში ბრალდებულ კუტალაძეს პატიმრობა შეეფარდა

13 ივლისი, 2021 • 3381
ლაშქარავაზე თავდასხმაში ბრალდებულ კუტალაძეს პატიმრობა შეეფარდა

დავით კუტალაძეს, რომელსაც 5 ივლისის ძალადობრივი პროცესების დროს “ტვ პირველის” ოპერატორ ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიაზე თავდასხმას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 ივლისს მიიღო.

თავად კუტალაძემ მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძეს უთხრა, რომ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და მოძალადე არ არის.

ბრალდების მხარემ, რომელიც პატიმრობას ითხოვდა, დასძინა, რომ ბრალდებულის მხრიდან ხელახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე რეალურია, მისი წარსული ქმედებიდან გამომდინარე.

“საპატიმრო დაწესებულების მიღმა მისი ყოფნა არსებითად შეუშლის ხელს გამოძიების ინტერესებს”, – თქვა პროკურატურის წარმომადგენელმა.

თავის მხრივ, დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ იქმნება იმის დასაბუთებული ვარაუდი, რომ კუტალაძემ ხსენებული დანაშაული ჩაიდინა.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აბსოლუტურად კანონმორჩილია”, – თქვა ადვოკატმა.

დავით კუტალაძე სამართალდამცავებმა კვირას დააკავეს, სასამართლო პროცესამდე რამდენიმე საათით ადრე კი – ბრალიც წარუდგინეს. მას ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლას, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნას და ჯგუფურ ძალადობას ედავებიან.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში კუტალაძემ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს — ტელეოპერატორ ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას — სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.

ოპერატორ ლექსო ლაშქარავას მძიმე დაზზიანებები ჰქონდა — მას აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, ასევე, ჩამსხვრეული ჰქონდა სახის ძვლები, ჩაუტარდა ოპერაცია და, როგორც მისი ახლობლები აცხადებენ, ჰქონდა აუტანელი ტკივილები. ლაშქარავა 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა დედამ. ლაშქარავა დღეს, 13 ივლისს დაკრძალეს. მისი სიკდვილის უშუალო მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის.

რაც შეეხება დავით კუტალაძეს, “სირცხვილიას” ოფისში თავდასხმის ეპიზოდზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის “ა” და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

უწყების თანახმად, 5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა სულ 20 პირი დააკავეს, მათ შორის – 5 “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის.

“დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები”, — ნათქვამია შსს-ს მიერ 12 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.

5 ივლისის ძალადობრივი და ჰომოფობიური აქცია

5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.

ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაიცვალა “ტვ პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს “სირცხვილიას” ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ. აღნიშნულს თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციები მოჰყვა მედიის წარმომადგენლების, პოლიტიკოსებისა და სხვა მოქალაქეების მონაწილეობით.

მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები ამ ძალადობის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. ჟურნალისტები ჯერ კიდევ 5 ივლისის საღამოს ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ჰომოფობიური ჯგუფების ქმედებების ფონზე, მოვლენათა ეპიცენტრში, პოლიცია  შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი და მან ვერ უზრუნველყო მედიის წარმომადგენელთა უსაფრთხოება.

მასალების გადაბეჭდვის წესი