ახალი ამბები

“უმრავლესობის ნებაზე აპელირება ტოტალიტარიზმის ლეგიტიმაციაა” – ლგბტქი სათემო ორგანიზაციები

13 ივლისი, 2021 • 958
“უმრავლესობის ნებაზე აპელირება ტოტალიტარიზმის ლეგიტიმაციაა” – ლგბტქი სათემო ორგანიზაციები

ლგბტქი სათემო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან უმრავლესობის ნებაზე აპელირება ტოტალიტარიზმის ლეგიტიმაციაა. მათი შეფასებით, მსგავსი დამოკიდებულება არა მხოლოდ საფრთხეს უქმნის ქვიარ ადამიანებს, არამედ, მათ ძალადობრივი დევნის ობიექტად აქცევს.

სათემო ორგანიზაციები არაკონსტიტუციურს უწოდებენ ირაკლი ღარიბაშვილის 12 ივლისის განცხადებას და მიიჩნევენ, რომ ეს არის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გადადგმული ნაბიჯი.

“მცდარია მისი [ღარიბაშვილის] სპეკულაციური მტკიცება, რომ ქვიარ თემი არის კულტურულად და პოლიტიკურად ერთგვაროვანი ჯგუფი, რომლის უკან დგას ოპოზიციური პარტიები. ქვიარ ადამიანები ვართ საზოგადოების წევრები, სხვადახვა პოლიტიკური შეხედულების მქონენი, და ვინმეს პოლიტიკური არჩევანი არავის აძლევს ძალადობის ლეგიტიმაციის უფლებას.

პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ უარყო მმართველი გუნდის პასუხისმგებლობა 5 ივლისს თბილისში ჟურნალისტებისა და ქვიარ ადამიანების მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე, თავიდან აირიდა პასუხისმგებლობის აღება ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ორგანიზაცია “თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილი ღირსების მარშის, როგორც მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების, დარღვევის ხელშეწყობაზე.

უმრავლესობის ნებაზე აპელირება ტოტალიტარიზმის ლეგიტიმაციაა და არა მხოლოდ საფრთხეს გვიქმნის ქვიარ ადამიანებს, რომლებიც უკვე გავხდით მოძალადე ჯგუფების დევნის ობიექტი, არამედ, წარმოადგენს უმცირესობათა ხმების ჩახშობისკენ აშკარა და პირდაპირ მოწოდებას, ხელს უწყობს სამოქალაქო დაპირისპირების გაღრმავებას, პირდაპირ ახდენს ძალადობის ლეგიტიმაციას, არის საშიში ამ ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის და ძირგამომთხრელი კონსტიტუციური და დემოკრატიული წესრიგისა და სამოქალაქო მშვიდობისათვის”, — აცხადებენ ლგბტქი სათემო ორგანიზაციები.

მათივე შეფასებით, აღნიშნული პოზიციით, საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად აგრძელებს წინა ხელისუფლების ჰომოფობიურ პოლიტიკას, მცდარ ინტერპრეტაციებს აძლევს ქვიარ ადამიანების საჭიროებებსა და წუხილებს და ნერგავს სიძულვილს, რათა ჩაახშოს სოციალური წინააღმდეგობები.

“სათემო ორგანიზაციები კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ჩვენი საქმიანობის მსგავს ინტერპრეტაციას, წლების განმავლობაში ვებრძვით ქვიარ თემით მანიპულაციას და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ დღეს ყველა პოლიტიკური ძალა, ისევე როგორც საქართველოს საპატრიარქო, სწორედ ამ სპეკულაციაზე დაყრდნობით ცდილობს განიმტკიცოს ძალაუფლება, შეინარჩუნოს საზოგადოების პოლარიზების დღის წესრიგი და წაგვართვას აგენტობა სოციალურ პროცესში.

5 ივლისს და შემდგომ დღეებში განხორციელებული ძალადობათა ციკლი ჟურნალისტებისა და ქვიარ ადამიანების მიმართ, იყო დაშვებული და ხელშეწყობილი საქართველოს მთავრობის მიერ, რომელმაც არ უზრუნველყო ჯეროვანი გულისხმიერების სტანდარტით დანაშაულის ორგანიზატორთა იდენტიფიცირება, დასჯა, დანაშაულთა პრევენცია და მსხვერპლთა რეაბილიტაცია. ამ სასტიკი ძალადობის არაღკვეთა და სამოქალაქო დაპირისპირების ხელშეწყობა პირდაპირ წარმოადგენს მთავრობის პასუხისმგებლობას”, – ნათქვამია სათემო ორგანიზაციების გავრცელებულ განცხადებაში.

დოკუმენტს ხელს აწერენ:

  • თანასწორობის მოძრაობა
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
  • იდენტობა იუს
  • თემიდა

მასალების გადაბეჭდვის წესი