„ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც დემონსტრანტები მივიდნენ, დაძაბულობაა.

როგორც ადგილიდან ნეტგაზეთის კორესპონდენტი იუწყება, შენობასთან პოლციის კორდონია გამაგრებული. ადგილზე პოლიციის რამდენიმე რაზმი იმყოფება, რომელიც აქციის მონაწილეებს აკავებს. მანამდე აქ ისროლეს კვერცხები.

დღეს, 12 ივლისს, საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ „ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალებისა და 5-6 ივლისის ძალადობის გასაპროტესტებლად. მათი მთავარი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაა.

აქციის პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი დაინიშნა, რომლის დროსაც თქვეს, რომ შესაძლოა, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული საშუალებებით ზედოზირება ყოფილიყო. ბრიფინგს აქციაზე პირდაპირ ეთერში უყურეს, რის შემდეგაც დემონსტრანტები „ქართული ოცნების“ ოფისთან გადავიდნენ.