ახალი ამბები

“ოცნება” იქნება მარტო პარლამენტში” — “ლელო”

12 ივლისი, 2021 • 794
“ოცნება” იქნება მარტო პარლამენტში” — “ლელო”

ფრაქცია “ლელო — პარტნიორობა საქართველოსთვის” აცხადებს, რომ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების გარდა, სხვა საკითხების განხილვაში პარლამენტში მონაწილეობას არ მიიღებს.

ამის შესახებ ფრაქციის წევრებმა პარლამენტის პლენარული სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვების შემდეგ განაცხადეს.

“ჩვენ გამოვედით სხდომათა დარბაზიდან იმიტომ, რომ შეუძლებელია, ის პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში ტარდება და ის რუსული რიტორიკა, რომელსაც პრემიერი ღარიბაშვილი ივანიშვილის ჩაწოდებით ახორციელებს… ამ პროცესის შეჩერების ერთადერთი სწორი მექანიზმია პრემიერის გადადგომა. ის ადამიანები, რომლებიც ვერ ამჩნევენ, რა პოლიტიკა ხორციელდება და როგორ შეიცვალა “ქართული ოცნების” საგარეო კურსი, ნებსით და უნებლიეთ ემსახურებიან ოკუპანტის ინტერესებს.

“ქართულ ოცნებას” მოუწევს ამ პროცესზე პასუხისმგებლობის აღება. ისინი იქნებიან მარტო ამ პარლამენტში, იმიტომ, რომ ღარიბაშვილი და მისი მთავრობა ქვეყანას მიაქანებს უფსკრულში. გამოსავალი არის გარდამავალი მთავრობა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მშვიდ მდგომარეობაში ჩატარება”, — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მან არ დააკონკრეტა, გადადის თუ არა ფრაქცია საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში: “ჩვენ “ქართული ოცნება” დავტოვეთ მარტო, რაც, -საპარლამენტო ბოიკოტს დაუძახებთ თუ რას,- თქვენი ნებაა”.

ფრაქციის წევრების თქმით, ისინი მხოლოდ მთავრობის გადადგომის საკითხზე იმუშავებენ.

“ახლა გვექნება კონსულტაციები ოპოზიციონერ კოლეგებთან იმისთვის, რომ დავაინიციროთ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა. მთავრობის სახლში გასტუმრებასთან დაკავშირებით პარლამენტში ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ. ხელისუფლებამ არ ისურვა, რომ დღეს დებატები დაგვეწყო, ამიტომ ოპოზიცია იმსჯელებს შესაბამის პროცედურაზე და ჩამოვყალიბდებით, როგორ გავაგრძელოთ ხელისუფლების სახლში გაშვების პროცესი, მათ შორის, საპარლამენტო პროცედურების გამოყენებით”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მას შემდეგ, რაც ქალ დეპუტატებს, რომლებმაც პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა დაიკავეს, დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს, სხდომაში მონაწილეობაზე უარი თქვა “ნაციონალურმა მოძრაობამაც”. ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს, 18:00 საათზე ჟურნალისტების საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.

ქალ დეპუტატებს პარლამენტის სხდომათა დარბაზი ძალით დაატოვებინეს

მასალების გადაბეჭდვის წესი