ახალი ამბები

აშშ-ის საელჩოს განცხადება ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე

11 ივლისი, 2021 • 967
აშშ-ის საელჩოს განცხადება ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მიიჩნევს, რომ უმკაცრესად უნდა დაისაჯონ თბილისში, 5-6 ივლისის ძალადობაში მონაწილე ყველა პირი. საელჩო ასევე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ტვ “პირველის” ოპერატორის, ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გარდაცვალების გამო.

“ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში ღრმა მწუხარებით უსამძიმრებს ლექსო ლაშქარავას ოჯახს, უპირველეს ყოვლისა ლექსოს დედას, მის კოლეგებს ტვ პირველში და ყველას, ვინც შეძრულია და დამწუხრებულია მისი გარდაცვალებით. ლექსო, როგორც მედია პროფესიონალი, მრავალი წელი კამერის უკან მუშაობდა და შეიძლება ზოგს ის ვერც კი ეცნო, სანამ მას სასტიკად არ გაუსწორდნენ ის პირები, რომლებმაც ადამიანის სიცოცხლისადმი პატივისცემის სრული უგულვებელყოფა აჩვენეს. ლექსოს მიერ კოლეგის დაცვისას გამოვლენილი სიმამაცე და მისი ერთგულება ფუნდამენტური თავისუფლებების მიმართ, რასაც ოდითგანვე აფასებდნენ ამ ქვეყანაში, წარმოადგენს ქართველი ხალხის საუკეთესო თვისებებსა და ტრადიციებს.

ლექსოს თავდასხმასთან დაკავშირებით რამდენიმე პირის დაკავება პირველი დადებითი ნაბიჯია სამართლის აღსრულებისკენ. თითოეული ქართველი ჟურნალისტის უსაფრთხოება და დემოკრატიისადმი რწმენა საქართველოში მოითხოვს, რომ ყველა, ვინც თავს დაესხა მშვიდობიან მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს 5 და 6 ივლისს, ან ვინც წააქეზა ძალადობა, უნდა გამოვლინდეს, იქნას დაპატიმრებული და უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე კანონის სრული სიმკაცრით.

ჩვენ მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ და იმ ძალადობის დასრულებისკენ, რომელმაც უკვე გამოიწვია ერთი ადამიანის ტრაგიკული სიკვდილი”, — ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საელჩომ დღეს, 11 ივლისს გაავრცელა.

ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს დღეს, 11 ივლისს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო და სიკვდილის მიზეზის დასადგენად ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

ლექსო ლაშქარავა ოთახში დედამ იპოვა გარდაცვლილი — ნოდარ მელაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი