ახალი ამბები

“სოც. სამართლიანობის ცენტრი” პასუხისმგებლობას ღარიბაშვილ-გომელაურს აკისრებს

11 ივლისი, 2021 •
“სოც. სამართლიანობის ცენტრი” პასუხისმგებლობას ღარიბაშვილ-გომელაურს აკისრებს

“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” (ყოფილი EMC) მიიჩნევს, რომ 5-6 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენები და დღეს უკვე ტვ “პირველის” ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალება “ერთმნიშვნელოვნად პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს.”

ალექსანდრე ლაშქარავა დღეს, 11 ივლისს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ტვ “პირველის” ოპერატორი 5 ივლისს თბილისში, “სირცხვილიას” ოფისში გახდა თავდასხმის მსხვერპლი მაშინ, როცა იქ ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების წარმომადგენლები შეიჭრნენ. თავდასხმისას ლაშქარავა მძიმე დაზიანებები მიიღო სახის არეში, ჩაუტარდა ოპერაციაც და მას შემდეგ სახლში მკურნალობდა.

“სოციალური სამართლიანობის ცენტის” თქმით, ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი დროულად და ობიექტურად უნდა დადგინდეს. საქმეზე უკვე დაწყებულია გამოძიება და მიმდინარეობს ექსპერტიზა.

“მომხდარი ტრაგედია კიდევ ერთხელ აჩვენებს 5 და 6 ივლისს გამოვლენილი ძალადობის სისასტიკეს და ხელისუფლების დემონსტრაციულ უპასუხისმგებლობას, რომელმაც არა მხოლოდ არ უზრუნველყო საკმარისი საპოლიციო რესურსების და სტრატეგიების გამოყენება აქციაზე მასშტაბური ძალადობის პრევენციისა და აღკვეთისთვის, არამედ პოლიტიკური განცხადებებით წაახალისა და დაუშვა კიდეც ეს ძალადობა მშვიდობიან მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე.

ამ დრომდე არაეფექტიანი ჩანს მიმდინარე გამოძიების პროცესიც, რომელიც ძალადობის და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ინდივიდუალურ შემთხვევებზე რეაგირებს და არაფერს აკეთებს ძალადობის ორგანიზების და ძალადობისკენ საჯაროდ მოწოდების კვალიფიკაციით გამოძიების წარმართვისთვის. ძალადობრივი აქციის ლიდერები, რომელთა ორგანიზებით თავს დაესხნენ მედიის 52 თანამშრომელს და კიდევ რამდენიმე მოქალაქეს, ამ დრომდე თავისუფლად აგრძელებენ მათი საინფორმაციო არხებით ძალადობრივ და აგრესიულ რიტორიკას. აქციიდან 5 დღის შემდეგ, გამოძიების ეს დინამიკა ხელისუფლების მხრიდან ძალადობრივი ჯგუფების შეწყნარების კიდევ ერთი დემონსტრაციული აქტია”, — აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი და საპატრიარქოს პასუხისმგებლობას უსვამს ხაზს.

ორგანიზაციის შეფასებით, “მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო, რომელიც ჰუმანიზმის და სოციალური მსახურების იდეით უნდა მუშაობდეს და ღვაწლს სწევდეს, მოძალადე ჯგუფების მხარეს დგას და 2013 წლის 17 მაისის ტრაგედიის შემდეგ, კვლავ ძალადობრივი აქციების ორგანიზატორად მოგვევლინა.”

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ორგანიზაცია აცხადებს:

“სამართალდამცავმა ორგანოებმა ლექსო ლაშქარავას საქმეზე გამოძიება წარმართონ დროულად, ეფექტიანად და გამჭვირვალედ. ასევე, საქმის მსვლელობის ყველა ეტაპზე საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და მისი შედეგების თაობაზე;

5-6 ივლისის მოვლენები სრულყოფილად იყოს გამოძიებული და უპირველეს ყოვლისა, დროულად დადგინდეს ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორთა სამართლებრივი პასუხისმგებლობა;

საქართველოს პარლამენტმა დაიწყოს 5-6 ივლისის მოვლენების შესწავლა და გამოიყენოს ყველა შესაძლო საპარლამენტო მექანიზმი, რათა დადგინდეს, თუ რა ტიპის პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა აქვთ ამ მოვლენებში პრემიერ-მინისტრს და შინაგან საქმეთა მინისტრს”.

5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე ნაცემი ოპერატორი გარდაცვლილი იპოვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი