ახალი ამბები

კაცი ამბობს, რომ თბილისში ჰომოფობიური მოტივით დაესხნენ თავს: დაკავებულია 1 პირი

10 ივლისი, 2021 • 1930
კაცი ამბობს, რომ თბილისში ჰომოფობიური მოტივით დაესხნენ თავს: დაკავებულია 1 პირი

თბილისში მცხოვრები კაცი ჰყვება, აგრესიული პირი ჰომოფობიური მოტივით დაუპირისპირდა, სიტყვიერად შეურაცხყო, შემდეგ კი – თავს დაესხა. ინციდენტი 9 ივლისის ღამით მოხდა. დაკავებულია 1 ადამიანი.

კაცი, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს, “ნეტგაზეთს” ეუბნება, რომ მარჯანიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ მაღაზიაში, პარტნიორთან და კიდევ ერთ მეგობართან ერთად იმყოფებოდა, როცა უცხო, აგრესიული კაცი, თავდაპირველად, ჩაცმულობის გამო დაუპირისპირდა.

“…თავიდანვე, როცა დაგვინახა, დაიწყო გინება: “თქვენი კაცობა ასე და ისე”, “პრაიდის გეები” და ა.შ. შეურაცხმყოფელ სიტყვებს ყურადღება არ მივაქციეთ, თუმცა მერე გამოგვყვა გარეთ, სადაც ასევე განაგრძო გინება”, – აღნიშნავს ის.

ჩვენი რესპონდენტის მონაყოლის თანახმად, ინციდენტი ასე გაგრძელდა:

“შემდეგ უკვე თავს დაგვესხა  ფიზიკურად. მერე, რაღაც მომენტში, გავეცალეთ ამ ადამიანს და წამოვედით უკვე მეტროსკენ, სადაც დაგვედევნა, ასევე გინებით.

როცა დავემუქრეთ პატრულში დარეკვით და ვუთხარით, წასულიყო, შევიდა რომელიღაც არკაში და გამოიტანა დიდი ქვა, რომლითაც იმუქრებოდა,რომ მოგვკლავდა, ისევ იგინებოდა და ა.შ.

პატრულში დარეკვა რომ დავაპირეთ, აღმოჩნდა, რომ იქვე იყო პატრულის ორი თანამშრომელი, რომელთაც მოირბინეს ადგილზე და კაცმა მათი დანახვის შემდეგ ეს ქვა დააგდო”.

პატრულის თანამშრომლებმა აგრესიული კაცი იქვე დააკავეს. როგორც “ნეტგაზეთს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ს ორი მუხლით მიმდინარეობს: ძალადობა(126-ე) და მუქარა(151-ე).

“გარეგანი დაზიანება მაქვს კისრის არეში, მახრჩობდა რაღაც მომენტში. ახლაც მიჭირს ყლაპვა. ჩემი პარტნიორი ძირს დააგდო და ეტყობა, ფეხი ჩაარტყა. კოჭი აქვს შეშუპებული, რის გამოც 1 კვირა უნდა იწვეს”, – ეუბნება დაზარალებული “ნეტგაზეთს”.

მიმდინარე კვირაში, მას შემდეგ, რაც ძალადობრივი ჯგუფები “თბილისი პრაიდის” წინააღმდეგ ქუჩაში გამოვიდნენ, ჟურნალისტებს სცემეს და ოფისები დაარბიეს,  არაერთი მოქალაქე საუბრობს ჰომოფობიური თავდასხმების შესახებ.

5 ივლისს თბილისში მცხოვრებმა ახალგაზრდა ქალმა თქვა, რომ ჰომოფობიურმა ჯგუფმა მასზე ფერადი ჩანთის გამო იძალადა. კიდევ ერთი მოქალაქის განცხადებით, მოძალადეებს მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისი შეეშალათ და მის ბინაში შეიჭრნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი