ახალი ამბები

იმედგამაცრუებელია,რომ ამ დღეებში ვერ ვიხილეთ უფრო ძლიერი ლიდერობა – დეგნანი ღარიბაშვილზე

10 ივლისი, 2021 • 1406
იმედგამაცრუებელია,რომ ამ დღეებში ვერ ვიხილეთ უფრო ძლიერი ლიდერობა – დეგნანი ღარიბაშვილზე

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ჟურნალისტებთან საუბრისას შეეხო მიმდინარე კვირაში თბილისში განვითარებულ ძალადობრივ პროცესებს და მსგავსი ვითარების დამშვიდებაში პრემიერ-მინისტრის როლზე მიანიშნა. ელჩი წუხს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან “ასეთი ძლიერი როლი” ვერ დაინახა.

“ეს იყო ძალიან სამწუხარო დღე. მოგეხსენებათ,  აშშ ბევრს მუშაობს საქართველოს სამართალდამცავი სისტემის შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით. სამწუხაროა, რომ მიღებული ცოდნა და აღჭურვილობა არ იქნა გამოყენებული, როდესაც ცხადი გახდა, რომ გარკვეული პირები მიმართავდნენ ძალადობას.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველების უმრავლესობა მხარს არ უჭერს ძალადობას, განსაკუთრებით, მშვიდობიან მოქალაქეებზე და ჟურნალისტებზე. ეს ნამდვილად ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო. ბევრმა ამასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი, რომ საქართველო ცნობილია თავისი ტოლერანტობით, ღირებულებების პატივისცემით და ამ დღეებში ეს იყო ხსენებული ღირებულებებიდან უკან გადადგმული ნაბიჯი”, – აღნიშნა მან.

დეგნანს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, იყო თუ არა ღარიბაშვილის მიერ 5 ივლისის დილით გაკეთებული განცხადება ძალადობის წახალისება, რასაც მან ასე უპასუხა:

“პრემიერ-მინისტრის მოვალეობაა, რომ ითამაშოს წამყვანი როლი სიტუაციის დაწყნარებაში, საქართველოს მოქალაქეებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის დაგმობის მიმართულებით. იმედგამაცრუებელი იყო, რომ უფრო ძლიერი ლიდერობა ვერ დავინახეთ იმ დღეებში”.

5 ივლისს, დილის საათებში, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის უკან იდგნენ “რევანშისტული, რადიკალური ჯგუფები, კერძოდ, რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით”.

“აბსოლუტურად სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას, რომ ისინი უკეთებენ ორგანიზებას აღნიშნულ მარშს და ამ აქციებს და სწორედ მათი მიზანია დღეს ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო არეულობის და ქაოსის შემოტანა. რაც, რა თქმა უნდა, არ განხორციელდება, ჩვენ არ დავუშვებთ”, — თქვა მაშინ ღარიბაშვილმა.

5 ივლისის ძალადობრივი და ჰომოფობიური აქცია თბილისში

5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.

ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. რამდენიმე მათგანი ახლაც საავადმყოფოშია.  აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

ქალაქის ცენტრში, პოლიციის თანდასწრებით, ჟურნალისტებს უმოწყალოდ სცემდნენ, აგინებდნენ, აპარატურას სტაცებდნენ და უმტვრევდნენ. გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი