ახალი ამბებირეკლამა

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მეორე წიგნის ფლიმარკეტის თემა სპორტი იქნება

9 ივლისი, 2021 • 1008
„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მეორე წიგნის ფლიმარკეტის თემა სპორტი იქნება

11 ივლისს, მზიურის პარკში, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, მეორე წიგნის ფლიმარკეტს გამართავს. ამჯერად, ფლიმარკეტის მთავარი თემა, სპორტი იქნება. ფლიმარკეტის მიმდინარეობისას, დიდ ეკრანზე, უიმბლდონის ფინალური დაპირისპირების ტრანსლაცია, ხოლო, მოგვიანებით, ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ფინალი იქნება ნაჩვენები. 

საფეხბურთო მატჩის ჩვენებას უზრუნველოფს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ფანკლუბიდან მატჩისწინა და შემდგომ ჩართვას, სწორედ აქედან განახორციელებს.  

ფლიმარკეტზე წარმოდგენილი იქნება, კერძო პირების პირადი ბიბლიოთეკისა და ბუკინისტების მეორეული წიგნები, ახალი გამოცემები წიგნის მაღაზიებიდან, წიგნის თემატიკის სუვენირები და ხელნაკეთი ნივთები.  

განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა სპორტთან დაკავშირებულ ლიტერატურას: სპორტსმენების ბიოგრაფიებს, საფეხბურთო კლუბებისა თუ ჩემპიონატების ისტორიებს, სპორტულ ჟურნალებსა და სხვა. ასევე, გაიყიდება სპორტული ატრიბუტიკა და საკოლექციო ნივთები. საკუთარი დახლი ექნება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, სადაც ფანშოპის პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.   

ფლიმარკეტის ერთ-ერთი ნაწილი იქნება, ცნობილ სპორტსმენებთან და სპორტის მოყვარულ მწერლებთან შეხვედრა და საუბრები. 

ღონისძიების სტუმრების განწყობაზე იზრუნებს დიჯეი. ასევე, ორგანიზებული იქნება კვებისა და „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქისა“ და საქართველოს ბანკის მიერ მოწყობილი ზონები განტვირთვის, კითხვისა და დასვენებისთვის. 

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია ყველასთვის, ვისაც უყვარს კითხვა, სურს მისაღებ ფასში შეიძინოს ან გაყიდოს წიგნები და სასიამოვნოდ გაატაროს დრო. 

 „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.

მასალების გადაბეჭდვის წესი