ახალი ამბებირეკლამა

ილუსტრაციის ფესტივალი წიგნის მსოფლიო დედაქალაქში

9 ივლისი, 2021 • 1106
ილუსტრაციის ფესტივალი წიგნის მსოფლიო დედაქალაქში

11-12 სექტემბერს, „თბილისიწიგნის მსოფლიო დედაქალაქისფარგლებში, თბილისის ილუსტრაციის ფესტივალი გაიმართება. თანამედროვე ხელოვნების მულტიფუნქციურ სივრცემაუდიში“, კონკურსის შედეგად შერჩეული 32 ილუსტრატორის ნამუშევრები გამოიფინება, დაიბეჭდება ფესტივალისთვის მომზადებული ილუსტრაციების კატალოგი და გაიმართება სხვადასხვა თემატური აქტივობა. 

ფესტივალი და მისი თანამდევი გამოფენა, განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც თანამედროვე ილუსტრატორების ახალი ნამუშევრები აინტერესებს. გარდა ამისა, ფესტივალის სტუმრებს, შეეძლებათ ლიმიტირებული და ავტორთა მიერ ხელმოწერილი გამოცემების, პრინტების, ილუსტრირებული სუვენირების შეძენა. დაგეგმილია ქართველი და უცხოელი ილუსტრატორებისა და ექსპერტების ვორქშოპები ყდის დიზაინის, კალიგრაფიის, ილუსტრირებული წიგნების საავტორო უფლებების შეძენის, ილუსტრირებულ წიგნებში ამბის თხრობისა და სხვა მომიჯნავე თემებზე. ასევე, გაიმართება ახალი ილუსტრირებული წიგნების პრეზენტაციები და შეხვედრები მათ ავტორებთან.

როგორც ილუსტრაციის ფესტივალის ორგანიზატორი, ნიკი თარხანმოურავი ამბობს, ახალი პლატფორმა, გამომცემლებსა და ილუსტრაციებით დაინტერესებულ პირებს, მისცემს საშუალებას, გაიცნონ და აღმოაჩინონ ახალი მხატვრები და მათთან საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ:

ძალიან ბევრი ნიჭიერი ილუსტრატორი გვყავს და გვინდა, გამომცემლები მათი ნამუშევრებით დავაინტერესოთ. პროფესიული გამოცდილების მისაღებად, ასეთი კავშირები მნიშვნელოვანია. გარდა გამოფენისა, ილუსტრაციის ფესტივალი მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამასაც, რაც ისევ და ისევ ილუსტრატორებისა და საგამომცემლო სფეროს ამ მიმართულებით განვითარებისა და პროფესიული დახვეწისთვისაა აუცილებელი. 

ფესტივალზე, ილუსტრატორები, საკუთარ პორტფოლიოს, თავად წარმოადგენენ, რაც ილუსტრაციის საერთაშორისო ბაზარზე თანამედროვე ტენდენციების შესახებ მოგვცემს ინფორმაციას და გავიგებთ, რა არის უცხოური გამომცემლობებისთვის მნიშვნელოვანი. თუმცა, ვიდრე უცხოურ ბაზარზე ვიფიქრებდეთ, მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ილუსტრატორებმა ჯერ საქართველოში შეძლონ რეალიზება, გამოცდილების დაგროვება და გამომცემლობებთან თანამშრომლობა. 

ფესტივალის მიმდინარეობისას, განსაკუთრებით საინტერესო იქნება მონაწილეთა პორტფოლიოების რევიუ. ფესტივალის მოწვეული სტუმარი, ბრიტანელი სამხატვრო ხელმძღვანელი, ილუსტრატორებს პროფესიულ რჩევებს გაუზიარებს. ასევე, გვექნება სამდღიანი ვორქშოფი ფიქჩერბუქების შექმნასა და ვიზუალურ თხრობაზე,“ – ამბობს ნიკი თარხანმოურავი.

ნიკი თარხან მოურავი

ნიკი თარხან მოურავი

მისივე თქმით, ფესტივალის ფარგლებში იგეგმება, ილუსტრატორ გიო ჯინჭარაძის ნამუშევრების გამოფენაამირანისთემაზე, რომელზე მუშაობაც უკვე მიმდინარეობს. ფესტივალის სტუმრები დაათვალიერებენ ოთარ ყარალაშვილის ნამუშევრების გამოფენასაც. აღსანიშნავია, რომ გიგი თევზაძისკრიტიკული აზროვნების მეგზური“, „სულაკაურის გამომცემლობამ“, სწორედ მისი ილუსტრაციებით გამოსცა.

ილუსტრაციების კატალოგით თავს მოვუყრით ქართველი ილუსტრატორების ნამუშევრებს, რაც ერთგვარი გზამკვლევი იქნება გამომცემლებისთვის, ვინც ილუსტრატორს ეძებს. ჩვენი მიზანი იყო გვეპოვა ახალი, ნიჭიერი ილუსტრატორები და ამავე დროს შეგვეკრიბა მკითხველისთვის უკვე კარგად ცნობილი პროფესიონალების ახალი ნამუშევრები. ოცდათორმეტი ილუსტრატორი ფესტივალისთვის სწორედ ამ ნიშნით შეირჩა, რაც ნამდვილად არ იყო მარტივი“ – ამბობს ფესტივალის ორგანიზატორი. 

,,თბილისიწიგნის მსოფლიო დედაქალაქისპროექტების კოორდინატორი, ლუკა გრიგოლია აღნიშნავს, რომ, ქართულ სივრცეში, ილუსტრაციის ფესტივალი სიახლე იქნება ყველასთვის, ვისაც ვიზუალური თხრობა აინტერესებს. თავად ილუსტრატორებისთვის კი ეს ფესტივალი არაერთ პერსპექტივას გააჩენს:

ბოლონიაში, ყოველწლიურად, საბავშვო წიგნების ყველაზე დიდი ბაზრობა იმართება, სადაც ავტორები და ილუსტრატორები ხვდებიან ერთმანეთს, ამყარებენ საქმიან კავშირებს და განიხილავენ ახალ პროექტებს. ახალბედა ნიჭიერი ილუსტრატორები, ხშირად მხოლოდ კომერციულ პროექტებში მონაწილეობენ, ამიტომ, მიმაჩნია, რომ შემოქმედებითი საქმიანობისთვის მათ მეტი საშუალება უნდა მივცეთ, თვითრეალიზაციისთვის მეტი შესაძლებლობა და სივრცე სჭირდებათ. ჩვენი ფესტივალის მტავარი არსიც, სწორედ, ეს არის.

ფესტივალის მონაწილე ილუსტრატორები საკუთარ ნამუშევრებს თავად წარმოადგენენ და ფესტივალის სტუმრებს, ავტორებსა და გამომცემლებთანაც უშუალო კონტაქტი ექნებათ. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ფესტივალი, როგორც შემოქმედებითი, ისე საქმიანი თვალსაზრისითაც, ნაყოფიერი აღმოჩნდება,“ – ამბობს ლუკა გრიგოლია. 

თბილისიწიგნის მსოფლიო დედაქალაქი UNESCO- პროექტია, რომელიც თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.

მასალების გადაბეჭდვის წესი