ახალი ამბები

მართვით სუნთქვაზე მყოფ ერთ ჩვილს “დელტა” შტამი დაუდასტურდა – გამყრელიძე

9 ივლისი, 2021 • 1171
მართვით სუნთქვაზე მყოფ ერთ ჩვილს “დელტა” შტამი დაუდასტურდა – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ციციშვილის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე მყოფი სამი ჩვილიდან ერთს კორონავირუსის ე.წ. დელტა, ინდოეთში აღმოჩენილი შტამი დაუდასტურდა, მეორე კი ე.წ. ალფა, ბრიტანეთში დაფიქსირებული შტამითაა ინფიცირებული.

გამყრელიძის თქმით, დელტა შტამით ინფიცირებული ჩვილი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთიდან გადმოიყვანეს. გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ორივე აღნიშნული შტამი ბავშვებში ერთნაირად ვრცელდება, თუმცა დელტა შტამის შემთხვევები ბავშვებში კლინიკურად უფრო მძიმედ მიმდინარეობს:

“ვადასტურებ, რომ თანდათან მატულობს, როგორც მთლიანად ევროპის ქვეყნებში, მათ შორის ჩვენთანაც, დელტა შტამის ცირკულაცია. სადღაც აგვისტოს შუაში, ბოლოსკენ დელტა შტამი მთლიანად ჩაანაცვლებს ევროპაში ბრიტანულ შტამს. დელტა შტამის 52 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს ამ ეტაპზე.

ერთი ბავშვია, რომელიც აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი, სპეციფიკური პისიარით, და გაშვებულია სეკვენირებაზე, დადასტურდა დელტა შტამი. მეორე ბავშვს ალფა შტამი დაუდასტურდა. ბავშვებში ალფა და დელტა შტამები უფრო ადვილად ვრცელდება. ერთადერთია, რომ დელტა უფრო შედარებით, კლინიკურად მძიმედ მიდის. ბავშვებში გადადების მთავარი წყარო მშობლები არიან, ამიტომ მთავარი რეკომენდაციაა, ყველა მშობელი იყოს ორჯერადად აცრილი, რათა ჩვენს შვილებს ვირუსი არ მივუტანოთ”, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

გუშინ ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა დაადასტურა, რომ სამი კოვიდდადასტურებული ჩვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე ამბობს, რომ ორი ბავშვი 2 თვის ასაკისაა, ერთი კი 2 კვირის ახალშობილია:

“მათ შორის ერთი ბავშვი აფხაზეთიდან გადმოყვანილია და მძიმეა, რადგან აფხაზეთში ძირითადად ე.წ. “დელტა” შტამი ცირკულირებს. ეჭვი გამიჩნდა, რომ საჭირო იყო ამ ბავშვის გამოკვლევა სიმძიმიდან გამომდინარე”, – ამბობს ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის თქმით, 3 ბავშვიდან ერთი კლინიკაში 29 ივნისს შეიყვანეს, ორი მათგანი კი- პირველ ივლისს.

მასალების გადაბეჭდვის წესი