ახალი ამბები

გარდა იმისა, რომ დანაშაულია, სრულ სიბნელეს წარმოადგენს — მოსამართლე 5 ივლისის ძალადობაზე

9 ივლისი, 2021 • 3516
გარდა იმისა, რომ დანაშაულია, სრულ სიბნელეს წარმოადგენს — მოსამართლე 5 ივლისის ძალადობაზე

მოსამართლე რომან ხორავა, რომელმაც ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს სიბნელედ და სირცხვილად აფასებს.

“მთელი საქართველო ვადევნებდით თვალ-ყურს, რა ხდებოდა. ის ქმედებები, რაც თქვენ გედებათ ბრალად, გარდა იმისა, რომ დანაშაულია, ანგრევს სახელმწიფოს სტაბილურობას, წარმოადგენს სრულ სიბნელეს, სიველურეს, სირცხვილია და უაზრობა. ეს არის შეფასება იმ ქმედებების, რაც იმ დღეს ხდებოდა… მე გადაწყვეტილებას ვიღებ საქართველოს სახელით. აი, გერბი და დროშა, რომლებიც სახელმწიფოს სიმბოლოებია. თქვენი ქმედებები არის უაღრესად საფრთხის შემცველი. დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების, გამოძიებისთვის ხელის შეშლის და მიმალვის ძალიან მაღალი საფრთხე და რისკი არსებობს. სრულად ვეთანხმები ბრალდების მხარეს”, — მიმართა მოსამართლე რომან ხორავამ ბრალდებულებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისის მოვლენებისას ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებულ კიდევ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებიდან ორმა პირმა — თორნიკე დავლაშერიძემ და აკაკი ნაკაშიძემ —  „სირცხვილიას“ ოფისში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. თემურ ხარაულმა და ილია ქებაძემ კი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორს სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებულ კიდევ 4 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

მასალების გადაბეჭდვის წესი