ახალი ამბები

ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებულ კიდევ 4 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

9 ივლისი, 2021 • 902
ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებულ კიდევ 4 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისის მოვლენებისას ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებულ კიდევ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებიდან ორმა პირმა — თორნიკე დავლაშერიძემ და აკაკი ნაკაშიძემ —  „სირცხვილიას“ ოფისში,~ „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. თემურ ხარაულმა და ილია ქებაძემ კი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორს სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 26-ე მუხლის (ძალადობა) 1-ლი ნაწილით, 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) მიმდინარეობს.

ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებულ კიდევ 3 პირს – ზაზა ჭაავას, მურად დევლარიშვილს და ზაზა მჭედლიძეს – აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ივლისს შეფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ჟურნალისტებზე თავდასხმის, დევნის, ჯგუფური ძალადობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მიერ სულ 15 პირია დაკავებული.

ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებულ 3 პირს პატიმრობა შეუფარდეს

მასალების გადაბეჭდვის წესი