ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი საქართველოს ოფიციალური სამუშაო ვიზიტით 9-10 ივლისს ეწვევა, რა დროსაც საქართველოში ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილებს ჩამოიტანს და ქართულ მხარეს გადასცემს.
ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილები აღმოჩენილ იქნა 2006 წელს ინდოეთის გოას შტატში მდებარე დაგრასას სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად.
საქართველოსა და ინდოეთს შორის მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოსა და ინდოეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოში ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილები 6 თვის ვადით 2017 წლის 23 სექტემბერს ჩამოიტანა საქართველოს ელჩმა ინდოეთში არჩილ ძულიაშვილიმა, საქართველოს დელეგაციისა და ინდოეთის არქეოლოგიური სამსახურის ორი წარმომადგენლის თანხლებით.
ქეთევან დედოფლის ნეშტის 6 თვით დაბრუნება საქართველოში მთავრობას 343 310 ლარი დაუჯდა. ფაქტს კრიტიკა მოჰყვა საზოგადოების ნაწილის მხიდან, რომელიც სხეულის ნაწილების სამშობლოში დროებით დაბრუნებაზე ასობით ათასი ლარის დახარჯვას გაუმართლებლად მიიჩნევდა. მაშინ საკათედრო ტაძარში მიმდინარე წირვის პარალელურად, ადგილზე ერთკაციანი აქციაც გაიმართა. „სული ზეცას, ძვალი მიწას“ – ამ შინაარსის პლაკატით მოქალაქე თემურ დარახველიძე სამების ეზოში რამდენიმე საათის განმავლობაში იდგა. მან თავი რეფორმატორ მართლმადიდებლად წარადგინა და აღნიშნა, რომ სხეულის ნაწილების თაყვანისცემა კერპთაყვანისმცემლობაა. მოგვიანებით მას კიდევ ერთი მოქალაქე შეუერთდა.
2018 წლის მარტში, საქართველოსა და ინდოეთს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ნეშტის საქართველოში ყოფნის ვადა კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა, რის შემდეგაც ნაწილები ინდოეთში დააბრუნეს.
ისტორიული წყაროების თანახმად, კახეთის დედოფალი ქეთევან მუხრანბატონი (დაახლოებით 1570-1624), რომელიც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, 1624 წელს ირანის ქალაქ შირაზში შაჰ-აბასის ბრძანებით წამებით მოკლეს, რადგან უარი თქვა სარწმუნოების შეცვლაზე.
ისტორიული წყაროების მიხედვით, დედოფლის წამების მოწმე პორტუგალიელმა მისიონერებმა ნეშტი ფარულად ამოთხარეს და ისპაჰანის ავგუსტინელთა მონასტერში წაიღეს დასაკრძალად. მოგვიანებით, მისიონერებმა ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილები საქართველოში ჩამოიტანეს, სადაც 1723 წლამდე ინახებოდა, შემდგომ კი დაიკარგა.
2013 წელს ჟურნალმა ARCHEOLOGY–მ გაავრცელა განცხადება, რომელიც ამტკიცებდა, რომ გოაში მდებარე ეკლესიის ნანგრევებში აღმოჩენილი ძვლები, სავარაუდოდ, ქეთევან დედოფალს ეკუთვნოდა. მათი ინფორმაციით, ქვის სარკოფაგში აღმოჩენილი მკლავის ძვლების დნმ–ის ანალიზმა აჩვენა, რომ დიდი ალბათობით ძვლებს ინდოეთთან კავშირი არ აქვს და ქართული წარმოშობის იყო.
ფოტო გარეკანზე: აჭარის ტელევიზია







