ახალი ამბები

მელია განმარტავს, სად იყო 5-6 ივლისის მოვლენებისას

8 ივლისი, 2021 • 1818
მელია განმარტავს, სად იყო 5-6 ივლისის მოვლენებისას

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, “ტვ პირველის” გადაცემაში “რეაქცია” სტუმრობისას განმარტა, რატომ არ მივიდა რუსთაველის გამზირზე 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს და 6 ივლისის სოლიდარობის აქციის მიმდინარეობისას. სწორედ ამ შეკითხვით გახსნა ეთერი გადაცემის წამყვანმა.

“ძალიან სამწუხარო არის ის, რომ არაფერი ახალი აქ არ მომხდარა. ძალიან სამწუხაროა, ამის აღიარება რომ მიწევს. “ქართულმა ოცნებამ” გახსნა საარჩევნო კამპანია. პირდაპირ რომ გითხრათ, მე სად ვიყავი: პირველ დღეს, სამწუხაროდ, უშუალოდ თბილისში არ ვიყავი. დილის 10:00 საათზე დაიწყო დარბევა და რომც ვყოფილიყავი, რა უნდა გაგვეკეთებინა, როცა დილის 10:00 საათზე კარვების დარბევა და ჟურნალისტებზე ძალადობა დაიწყეს?” — თქვა მან.

რაც შეეხება 6 ივლისის სოლიდარობის აქციას, რომელშიც სხვა მოქალაქეებთან ერთად არაერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი მონაწილეობდა: მელიას თქმით, ამ დემონსტრაციაზე განგებ არ გავიდა, რადგან ჰქონდა ინფორმაცია ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროვოკაციის შესახებ მისი იქ ყოფნის შემთხვევაში.

“ეს იყო ჩემი პრინციპული გადაწყვეტილება, რომ არ ვყოფილიყავი იქ და რატომ: მე მქონდა ინფორმაცია, რომ ჩემი იქ ჩასვლა ძალიან გაზრდიდა ძალადობის ალბათობას. დარწმუნებული ვარ, ეჭვი საერთოდ არ მეპარება, რომ იქ პრაქტიკულად დაიღვრებოდა სისხლი.

თანაც ისე დაიღვრებოდა, რომ “ქართულ ოცნებას” არ გაუჭირდებოდა, ერთ-ერთ მთავარ დამნაშავედ, თუ არა დამნაშავედ, მე გამოვეყვანე. ის კორდონი მაშინვე გაიხსნებოდა, როგორც კი “ქართული ოცნება” ჩათვლიდა საჭიროდ”, — აღნიშნავს ის.

5 ივლისის ძალადობრივი და ჰომოფობიური აქცია

5 ივლისს, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად, საპატრიარქოს ორგანიზებით ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.

ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. რამდენიმე მათგანი ახლაც საავადმყოფოშია.  აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

ქალაქის ცენტრში, პოლიციის თანდასწრებით, ჟურნალისტებს უმოწყალოდ სცემდნენ, აგინებდნენ, აპარატურას სტაცებდნენ და უმტვრევდნენ. გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.

ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით, ამ ეტაპზე, 15 პირია დაკავებული. შსს ამბობს, რომ გამოძიება გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი