ახალი ამბები

იმის თქმა ცალსახად, რომ ძალადობრივი ჯგუფები ეკლესიის მიერ იყვნენ მობილიზებულნი, არის ტყუილი — ჯაფარიძე

8 ივლისი, 2021 • 1493
იმის თქმა ცალსახად, რომ ძალადობრივი ჯგუფები ეკლესიის მიერ იყვნენ მობილიზებულნი, არის ტყუილი — ჯაფარიძე

“ეს არის კონკრეტული სასულიერო პირის მოწოდებები, რომელიც არ შეიძლება, გაიგივდეს ეკლესიის მოწოდებასთან და საპატრიარქოს მოწოდებასთან”, — თქვა პარტია “ლელოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ პარტია “ლელოს” ეთერში, 5 ივლისის ძალადობრივ პროცესებთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

წამყვანმა ჯაფარიძეს ხსენებულ პროცესებში საპატრიარქოს პასუხისმგებლობაზე ჰკითხა და მაგალითად მოუყვანა სასულიერო პირთა მხრიდან გახმიანებული კონკრეტული განცხადებები. “ლელოს” ლიდერს მიაჩნია, რომ არ შეიძლება, ცალკეული გზავნილები ეკლესიის პოზიციად შეფასდეს.

“თუ ეს არის კონკრეტული საეკლესიო პირის მოწოდება, ეს უნდა შეფასდეს ცალკე. მაგრამ ამის განზოგადება და თქმა, რომ ეს არის ან ეკლესიის მოწოდება, ან საპატრიარქოს მოწოდება, ეს არის არასწორი და ეს არის შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

…ყველა სასულიერო პირი წარმოადგენს თავის პოზიციას, მაღალი სასულიერო იერარქიის წარმომადგენელი იქნება თუ მღვდელი. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ისევე როგორც დასაგმობია ძალადობა ადამიანების, გამვლელების, ჟურნალისტების მიმართ —  სრულად დასაგმობია და ეს არის ქვეყნის და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება — ასევე, აგრესია მეორე მხარის მიმართ… რომ განაზოგადონ კონკრეტული სასულიერო პირების გამონათქვამები და ზოგადად ეკლესიას დასდონ ბრალი, არის მიუღებელი”, — დასძინა მან.

წამყვანმა ჯაფარიძეს ჰკითხა, მაშინ ვინ გაუკეთა ორგანიზება და ვისი პასუხისმეგბლობაა 5 ივლისის პროცესები, როცა მედიის წარმომადგენლებს სასულიერო პირების თვალწინ სცემდნენ. “ლელოს” ლიდერმა თქვა:

“ამის თქმა ცალსახად, რომ ძალადობრივი ჯგუფები ეკლესიის მიერ იყო მობილიზებული, არის ტყუილი, იმიტომ, რომ იქ იყვნენ, რა თქმა უნდა, ეკლესიის წევრები, მრევლი, რომელიც იქ იდგა, მაგრამ ძალადობრივი ჯგუფები იყვნენ კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ წახალისებულები”.

ჯერ კიდევ 5 ივლისს, პროცესების მიმდინარეობისას, დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა რუსთაველზე შეკრებილებს ასე მიმართა:

“ვალდებულები ხართ, იძალადოთ ღმერთისთვის”.

თავად საპატრიარქომ იმავე დღეს თქვა, რომ “ძალადობა მიუღებელია და დასაგმობი, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის”, მეორე მხრივ კი, აღნიშნა, რომ “სათანადო რეაგირება” ექნებოდა “ძალადობისკენ წამქეზებელ სასულიერო პირთა მიმართაც, თუკი ასეთები არსებობენ”. ამავე განცხადებაში ინსტიტუციამ გაიმეორა ჰომოფობიური გზავნილები და ისიც თქვა, რომ 5 ივლისის ძალადობრივ პროცესებზე პასუხისმგებლობა “სხვებთან ერთად, პირველ რიგში, “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს ეკისრებათ”.

8 ივლისს, ზემოხსენებული მოვლენების კომენტირებისას, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა მოძალადეების მიერ სასტიკად ნაცემი ერთ-ერთი ჟურნალისტი თავად დაადანაშაულა ძალადობის პროვოცირებაში.

5 ივლისის ძალადობა

როდესაც საკანონმდებლო ორგანოსთან ლოცვის ფონზე ჯვარი განათავსეს, ძალადობრივ ჯგუფებს უკვე დარბეული ჰქონდათ “ქართული ოცნების” მოწინააღმდეგეთა კარვები. უფრო მოგვიანებით კი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად მობილიზებული პირები ცენტრალურ ქუჩებზე გაიშალნენ და მედიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება დაიწყეს.

ძალადობრივი თავდასხმების შედეგად, ჯამში, 53 ჟურნალისტი დაზარალდა. აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

მედიის წარმომადგენლები, რომლებიც 5 ივლისს ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების წარმომადგენლებმა სცემეს

გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.

ამავე დღეს ჰომოფობიურმა ჯგუფებმა იერიში მიიტანეს “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი