ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ეს არის ძეგლის დამახინჯება” – ცხინვალთან ნაეკლესიარზე ახალ ტაძარს აშენებენ

8 ივლისი, 2021 • 2231
“ეს არის ძეგლის დამახინჯება” – ცხინვალთან ნაეკლესიარზე ახალ ტაძარს აშენებენ

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში, ცხინვალთან ახლოს, სოფელ ხოდში ადგილობრივმა მოსახლეობამ ეკლესიის ძველ ნანგრევებზე ახალი კონსტრუქცია ააგო.

ინფორმაციას რუსულ-ოსური “სპუტნიკი” ავრცელებს.

სპუტნიკის თანახმად, ეკლესიის მშენებლობაში სოფლის მოსახლეობაა ჩართული, თუმცა სამშენებლო მასალების სიძვირის გამო, მშენებლობის ტემპი იგივე სისწრაფით არ მიმდინარეობს, როგორც დაგეგმილი იყო.

გავრცელებული ცნობის თანახმად, ეკლესია საბჭოთა კავშირის პერიოდში დაინგრა, ხოლო ახალი კონსტრუქცია პირველ ტაძართან შედარებით მომცროა.

“სპუტნიკის” სტატიაში ნათქვამია, რომ ძველი ტაძრის ქვებს გამოიყენებენ ეკლესიის ფასადის ნაწილის მოსაპირკეთებლად.

როგორც ფოტოებიდან ირკვევა, ახალი ნაგებობა თანამედროვე სამშენებლო მასალითაა აგებული, მათ შორის- “ბლოკით”, ცემენტით, თუნუქის გადახურვითა და მეტალო-პლასტმასის ფანჯრებით.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ძეგლთა დაცვის სააგენტოსა და საქართველოს საპატრიარქოს მომხდართან დაკავშირებით კომენტარის მისაღებად, თუმცა პასუხი და მომხდარის შეფასებები არავისგან მიგვიღია.

რატომ არ შეიძლება ძეგლის ამგვარი “აღდგენა”

დეკანოზ ილია ჭიღლაძის განცხადებით, სოფელ ხოდის ეკლესიის ამგვარი ფორმით აღდგენა სავალალო და სამწუხაროა.

“სამწუხარო და სავალალო ფაქტია სოფელ ხოდის ძველი, შუა საუკუნეების ნაეკლესიარის აღდგენა, რემონტი და ხელახლა მშენებლობა, რომელიც, როგორც ფოტოებით ვიხილეთ, ადგილობრივმა მოსახლეობამ გააკეთა, რადგან ეს არის ისტორიული ძეგლის დამახინჯება, ძველი არქეოლოგიური ფენების დაზიანება, რაც ავტომატურად, ყოველთვის თან ახლავს არაპროფესიონალურ რემონტებსა და მშენებლობებს ისტორიულ ძეგლებზე”, – აცხადებს დეკანოზი ილია ჭიღლაძე ნეტგაზეთთან საუბრისას.

მისი განცხადებით, ისტორიულ ძეგლზე ჩარევა არის დიდი მასშტაბის და ახალი დაშენებით მოხდა ძველი იერსახის დაზიანება.

“ამ შემთხვევაში ჩარევა არის განსაკუთრებით დიდი მასშტაბის. როგორც ჩანს, ეკლესია იყო საძირკვლამდე დანგრეული. ძველი ნაეკლესიარი, რომელიც პირველ რიგში არქეოლოგიურად უნდა შესწავლილიყო, აბსოლუტურად დაზიანებულია და მასზე მოხდა ახალი დაშენება, რომელიც ცვლის ძეგლის ისტორიულ იერსახეს”, – აცხადებს იგი.

მისივე თქმით, ძეგლის აღდგენამდე უნდა მომხდარიყო შესაბამისი კვლევა და პროექტირება.

“ის არის თანამედროვე თეთრი ნალესობით, ცემენტის ბლოკით აგებული და არ არის ისტორიულ ფორმებთან შესაბამისობებში. აღდგენას სჭირდებოდა შესაბამისი სპეციალისტის მიერ, კვლევის შემდეგ, პროექტირება და ამის შემდეგ მშენებლობა”, – მიაჩნია ილია ჭიღლაძეს.

დეკანოზი ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ ძეგლთა დამახინჯება მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა არ არის და ეს თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეც ხდება.

“სოფელ ხოდის შემთხვევა მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა არ არის. თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზეც არაერთი ძეგლი, მათ შორის ეკლესია-მონასტრები, სამრეკლოები, ასევე ციხესიმაგრეები დაზიანდა. გვაქვს არაერთი დამახინჯების ფაქტი, რომელიც დღესაც გრძელდება, ხოლო ცხინვალის რეგიონში, რომელიც ნაკლებადაა განვითარებული სპეციალისტებითა და ხელოვნებათმცოდნეების ყოლის კუთხით, ასეთი შემთხვევები გასაკვირი არ არის.

არანაკლებ მძიმე დამახინჯებებია ოკუპირებულ აფხაზეთში: ილორის წმინდა გიორგის ტაძარი, ასევე, დრანდის საკათედრო ტაძარი და ცხინვალის რეგიონში მდებარე ღვთისმშობლის ეკლესია. ასევე მოხდა ხის იატაკის დაგება თირის ღვთისმშობლის მონასტერში, რითაც დაიფარა ქართული საფლავები”, – აცხადებს იგი.

ილორის მონასტრის ცვლილება

რა შეიძლება გაკეთდეს

შეკითხვაზე, თუ რა შეიძლება გააკეთონ ქართული სახელმწიფოს ან ეკლესიის წარმომადგენლებმა ძეგლების დაცვისა და შენარჩუნებისთვის, დეკანოზი ილია ჭიღლაძე აცხადებს, რომ ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია პროცესებში საერთაშორისო ძეგლთადაცვითი ორგანიზაციების ჩართულობა.

“საქართველოს ხელისუფლებამ და საქართველოს საპატრიარქომ, რომლებიც პრაქტიკულად არაფერს აკეთებდნენ ამ მიმართულებით, აუცილებელია მოითხოვონ საერთაშორისო ძეგლთა დაცვის ორგანიზაციების ჩართულობის გაზრდა პროცესებში, როგორიცაა “იკომოსი”, “ლურჯი ფარი”, “იუნესკო”.

ამ ორგანიზაციებისთვისაც არ არის ოკუპირებულ რეგიონებში შესვლა და მუშაობა ადვილი, მაგრამ ამ შემთხვევაში საერთაშორისო ავტორიტეტს უფრო მეტი ქმედითი ბერკეტი აქვს, ვიდრე ქართული მხარის რაიმე პრეტენზიას ან პირდაპირ ჩარევას, რაც ამ შემთხვევაში შეუძლებელია რუსული ოკუპაციის გამო”, – აცხადებს ილია ჭიღლაძე.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე/ფოტო Facebook-დან

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია რუსეთის საპატრიარქოსა და რუსი ხელოვნებათმცოდნეების როლიც.

“აგრეთვე, საქართველოს საპატრიარქომ მოსთხოვოს რუსეთის საპატრიარქოს დახმარება, რომ ქართული საეკლესიო ნაგებობების რესტავრაცია-განახლება ხდებოდეს სათანადო პროფესიულ-სამეცნიერო დონეზე, რათა თავიდან ავირიდოთ ძეგლების განადგურება და ქართული კვალის წაშლა.

შესაძლოა რუსულმა საპატრიარქომ არც მოინდომოს დახმარება, მაგრამ ქართულმა მხარემ ეს უნდა სცადოს.

ქართულ მხარეს შეუძლია გამოიყენოს რუსი პროფესიონალი რესტავრატორებისა და ხელოვნებათმცოდნეების აქტივობა, რადგან მათ უფრო მეტად მიუწვდებათ ხელი რუსეთის ხელისუფლებასთან, და ქართული ძეგლების პროფესიულ დონეზე დაცვა ხდებოდეს და არ ხდებოდეს მათი დამახინჯება და გადაკეთება”, – აცხადებს იგი.

მისივე თქმით, აფხაზეთის ტაძრების უმეტესობას რუსეთის საპატრიარქოს მღვდლები განაგებენ, ხოლო ცხინვალში მოქმედებს “ოსურ სქიზმატური ეკლესია, რომელიც იმართება ერთ-ერთ ბერძნულ განხეთქილებაში მყოფი არაკანონიკური სინოდით”.

“ისინი არ ემორჩილებიან არცერთ საპატრიარქოს, არამედ ერთ-ერთ საზღვარგარეთ მყოფ დაჯგუფებას, ბუნებრივია, მასზე არ აქვს მოსკოვის საპატრიარქოს გავლენა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მოსკოვის საპატრიარქოს შუამდგომლობა გამოვიყენოთ დე ფაქტო ხელისუფლებასთან, რათა ძეგლთა საეკლესიო მემკვიდრეობის დაცვა და სამეცნიერო დონეზე მათი რესტავრაცია მაინც გააქტიურდეს”, – აცხადებს ილია ჭიღლაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი