ახალი ამბები

წინდები, წარწერით “არ ავიცრები” – კომპანია ამბობს, რომ პროდუქტი წარმოებიდან ამოიღო

7 ივლისი, 2021 • 2828
წინდები, წარწერით “არ ავიცრები” – კომპანია ამბობს, რომ პროდუქტი წარმოებიდან ამოიღო

ქართული წინდების საწარმო “ტიფლისტექსი” რამდენიმე თვეა ყიდის წინდებს, წარწერით “არ ავიცრები”.  მომხმარებელთა ნაწილმა აღნიშნული პროდუქტი ანტივაქსერული იდეების წახალისებად აღიქვა. კომპანიაში აცხადებენ, რომ პრეტენზიები გაითვალისწინეს და ამ წინდებს აღარ აწარმოებენ, თუმცა კრიტიკას არ იზიარებენ.

“ტიფლისტექსის” პროდუქცია არაერთ ობიექტზე, მათ შორის სავაჭრო მოლებში იყიდება. ზემოხსენებული წინდები მოქალაქემ გუშინ, 6 ივლისს გადაიღო ერთ-ერთ სავაჭრო მოლში.

როგორც “ნეტგაზეთს” “ტიფლისტექსის” წარმომადგენელმა, კატო ალანიამ განუცხადა, ადამიანების დიდ ნაწილს, რომელთაც მსგავსი პრეტენზია აქვთ, სავარაუდოდ, არ აქვთ ნანახი სხვა წარწერები, რომლებიც წინდაზეა დატანილი. მისი განცხადებით, ეს არის სარკაზმი, რომლის შთაგონების წყაროც Youtube-ზე ატვირთული ერთ-ერთი ვიდეოა.

"ტიფლისტექსის" წინდა წარწერით "არ ავიცრები"

“არანაირი მოტივაციით არ დამზადებულა. ეს წინდა არის იუმორის შემცველი. ტექსტი რომ ნახოთ, მეორე მხრიდან აწერია “როგორც მოვედი, ისე წავალ” და “გაიგეთ?!”, იუმორით.  Youtube-დან არის ამოღებული ეს ტექსტი. ალბათ წინდის მეორე მხარე ძალიან ბევრ ადამიანს არ უნახავს და შესაბამისად გაჩნდა ეს კითხვა”, — აღნიშნავს ის.

“ნეტგაზეთმა” კომპანიის წარმომადგენელს ჰკითხა, ხომ არ ხედავს შესაძლებლობას, რომ ამ პროდუქტის შინაარსი გასცდეს იუმორის ფარგლებს და პირდაპირ თუ ირიბად ხელი შეუწყოს ანტივაქსერული იდეების პოპულარიზაციას. კატო ალანია მსგავს რისკს გამორიცხავს:

“არანაირ კამპანიას არ ვეწევით. არც ვაქცინაციისკენ მოვუწოდებთ ვინმეს და არც არაცრისკენ. გვაქვს სხვა სახის წინდებიც, რომელთაც აწერია “ვაქცინირებული” და “COVID FREE”. ზოგადად, თემატური წინდებია და არანაირ მოწოდებას არ მოიცავს.

ალბათ არასწორად იქნა გაგებული მოსახლეობის ნაწილის მიერ და, შესაბამისად, აღარც ვაწარმოებთ. [თუმცა], რაც [დარჩა], ისევ იყიდება და ბევრი ადამიანი ამას იუმორით ყიდულობს. ვიღაცას, მაგალითად, ჩემს მეგობარს, რომელიც არ იცრება, შეიძლება, ვაჩუქო ეს წინდა იუმორით და ა.შ. უკმაყოფილო მომხმარებელი ბევრი არ ყოფილა. ძალიან ბევრმა გაიგო ისე, როგორც უნდა გაეგო”.

"ტიფლისტექსის" წინდები წარწერებით "COVID FREE" და "ვაქცინირებული"

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების განმარტებით, ავტორიზებული კოვიდ-ვაქცინები ეფექტურად იცავენ ადამიანებს სიკდვილისა და მძიმე ფორმით ავადობისაგან. არაერთ ქვეყანაში ვაქცინაციის წარმატებთ განხორციელებისათვის სხვადასხვა კამპანია მიმდინარეობს, მათ შორის ვაქცინირებულ პირებს შორის ლატარეის მეშვეობით თამაშდება თანხა და სხვადასხვა პრიზი. საქართველოში ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი