ახალი ამბები

“ტურისტის დაჭრას პრაიდთან კავშირი არ ჰქონია” – შსს

7 ივლისი, 2021 • 1479
“ტურისტის დაჭრას პრაიდთან კავშირი არ ჰქონია” – შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდე დარახველიძე აცხადებს, რომ 5 ივლისს თბილისში პოლონელი ტურისტის დაჭრას “თბილისი პრაიდთან” კავშირი არ ჰქონია და უცხოელ ტურისტს საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მიეჭრა პირი, რომელსაც პირველადი ინფორმაციით, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს:

“ტურისტთან დაკავშირებით მოგახსენებთ. აღნიშნული ფაქტი მოხდა სრულიად დამოუკიდებლად ვორონცოვზე, ხეთაგუროვის ქუჩაზე, სადაც, როგორც ჩვენთვის ცნობილია და დედამაც განაცხადა, ფსიქიკური პრობლემების მქონე პირი თავს დაესხა უცხოელ ტურისტს. არანაირი კავშირი პრაიდთან ამას არ ჰქონია. მოხდა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე… მიეჭრა ეს პირი და მოახდინა სულ სხვა ადგილას მისი ჯანმრთელობის დაზიანება. დაკავებულია ეს პირი, ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზა და გვეცოდინება პასუხი”, – ამბობს დარახველიძე.

5 ივლისს თბილისში, ძალადობრივი და ჰომოფობიური აქციის პარალელურად, ტურისტის დაჭრის წინაპირობებთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია გაავრცელეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მედიამ.

“ფორმულა” მოქალაქეზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ტურისტი, რომელსაც საყურე ეკეთა, “გეი ეგონათ”, რის შემდეგაც ცივი იარაღით დაჭრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში არ არის ნახსენები შესაძლო ჰომოფობიური მოტივი, რომელზეც ტელეკომპანია საუბრობს. უწყების თანახმად, დაკავებული პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეს მოულოდნელად დაესხა თავს და ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა. განცხადებაში წერია, რომ “დაკავებულის ოჯახის წევრების განმარტებით, მას ფსიქიკური პრობლემები აღენიშნება”.

დაჭრილ პოლონელ ტურისტს დაუყოვნებლივ ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია და ამჟამად მძიმე, თუმცა სტაბილურ მდგომარეობაშია ალადაშვილის კლინიკაში.

ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა კი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი