ახალი ამბები

ნათია თურნავამ თბილისში დაჭრილი ტურისტი მოინახულა

7 ივლისი, 2021 • 1444
ნათია თურნავამ თბილისში დაჭრილი ტურისტი მოინახულა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა პოლონელ ტურისტს შეხვდა, რომელიც 5 ივლისს თბილისში დაჭრეს.

თურნავამ შეხვედრისას თქვა, რომ პოლონელ მოქალაქეზე თავდასხმა ერთეული შემთხვევაა და აქ ყველა ტურისტი დაცულია.

„თუმცა, ამავდროულად, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ნებისმიერი ასეთი ფაქტი დამაზიანებელია ჩვენი იმიჯისთვის, ვინაიდან ტურიზმი არის სენსიტიური ინდუსტრია და სწრაფად რეაგირებს ასეთ შემთხვევებზე. მაგრამ მინდა ყველა დავარწმუნო, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი, უსაფრთხო, მშვიდობიანი ადგილი ტურისტებისთვის და კვლავაც ველოდებით უამრავ ტურისტს ჩვენთან, რომელთაც უსაფრთხო გარემოში, ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელი სტუმართმოყვარეობით ვუმასპინძლებთ საქართველოს ნებისმიერ რეიონში”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

5 ივლისს თბილისში, ძალადობრივი და ჰომოფობიური აქციის პარალელურად, ტურისტის დაჭრის წინაპირობებთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია გაავრცელეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მედიამ.

“ფორმულა” მოქალაქეზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ტურისტი, რომელსაც საყურე ეკეთა, “გეი ეგონათ”, რის შემდეგაც ცივი იარაღით დაჭრეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში არ არის ნახსენები შესაძლო ჰომოფობიური მოტივი, რომელზეც ტელეკომპანია საუბრობს. უწყების თანახმად, დაკავებული პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეს მოულოდნელად დაესხა თავს და ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა. განცხადებაში წერია, რომ “დაკავებულის ოჯახის წევრების განმარტებით, მას ფსიქიკური პრობლემები აღენიშნება”.

ვრცლად:

ტურისტის დაჭრაში ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი