ახალი ამბები

“დასდევდნენ ჟურნალისტებს, რადგან ჰქონდათ ბრძანება” – მედია დამნაშავეების დასჯას ითხოვს

7 ივლისი, 2021 • 1108
“დასდევდნენ ჟურნალისტებს, რადგან ჰქონდათ ბრძანება” – მედია დამნაშავეების დასჯას ითხოვს

თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან, ჟურნალისტებმა გააპროტესტეს აგრესია მედიის წარმომადგენელთა მიმართ, რომელიც 5 ივლისს, თბილისში განვითარებული ძალადობრივი პროცესებისას დაიწყო, შემდეგ კი ონლაინ სივრცეში გაგრძელდა. აქციის მონაწილეებმა მომხდარზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრეს, აღნიშნეს, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მოძალადეთა შეკავება და ჟურნალისტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

“აიღე პასუხისმგებლობა!”

ახლა, როცა სახელმწიფომ ვერ შეძლო, ათეულობით ჟურნალისტზე მასობრივი თავდასხმები აერიდებინა, მედიის წარმომადგენლები შესაბამის უწყებებს სთხოვენ, ამის შემდეგ მაინც შექმნას უსაფრთხო მედიაგარემო საქართველოში.

“ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეთა ნაწილს ხელში ეჭირა პლაკატები, წარწერებით “გამოიძიე!” და “აიღე პასუხისმგებლობა!”, ნაწილი კი ადგილზე 5 ივლისის ძალადობრივი პროცესების ამსახველი ფოტოებით მივიდა.

“მე რეგიონული მედიის წარმომადგენელი ვარ და ადრე დომინირებდა ტენდენცია, რომ პრობლემები მხოლოდ ცენტრალურ მედიას ექმნება. დღეს უკვე იმდენად გართულდა ვითარება, რომ თბილისში მომუშავე მედიის პრობლემა პირადად ჩემი პრობლემაც არის.

ის სიძულვილის რიტორიკა, რომელიც აქვს არჩეული ხელისუფლებას, გადადის რეგიონებში და ჩვენ უფრო გვირთულდება მუშაობა. მთავარი, როგორც ჩანს, არის მედიის ხმის ჩახშობა იმისთვის, რომ მოსახლეობას არ ჰქონდეს ინფორმაცია. არაინფორმირებული მოსახლეობა კი მართვადია”, — უთხრა “ნეტგაზეთს” კამილა მამედოვამ, “რადიო მარნეულის” დირექტორმა და დამფუძნებელმა.

კამილა მამედოვა ფოტო: საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ჟურნალისტი ამ პროცესში ხელისუფლების ინტერესს ხედავს და ფიქრობს, რომ ყოველივე ეს აზიანებს არა მხოლოდ მედიაგარემოს, არამედ ქვეყნის განვითარებას, რომლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სწორედ პრესის თავისუფლებაა.

“53 დათვლილი ჟურნალისტი, შეიძლება, [მინისტრ] გომელაურისთვის სტატისტიკაა, მაგრამ ეს არის ტრაგედია. ესენი არიან ადამიანები, თავისი საქმის პროფესიონალები. ჩვენ ვითხოვთ, რელევანტურად იყოს გამოძიებული ყველა საქმე და ყველა მოძალადე იყოს დასჯილი. მედიები უკვე ახდენენ მოძალადეთა იდენტიფიცირებას. დღეს ეს უკვე შეგვიძლია.

თუ ამავეს არ გააკეთებენ ხელისუფლება და სათანადო ორგანოები, გამოდის, რომ ისინი არ არიან დაინტერესებულნი [გამოძიებით]. თუ მოძალადე არ დაისჯება, ეს ნიშნავს წახალისებას [ძალადობისა]. მაშინ გამოდის, რომ ჩვენ ვმუშაობთ ნაღმზე, რომელიც უფრო ძლიერად აფეთქდება, ვიდრე 5 ივლისს აფეთქდა”, — დასძინა მან.

“იმედი მაქვს, პოლიცია ახლა მაინც შეინარჩუნებს სახეს”

ამ ეტაპზე, ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით 5 ივლისის მოვლენების მხოლოდ 7 მონაწილეა დაკავებული. მათ შორის არის კაცი, რომელმაც “ტაბულას” ჟურნალისტი ფიზიკურად შეურაცხყო. მაკო ჯაბუა მედიის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი იყო, რომელიც რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის მსხვერპლი გახდა.

როგორც ის ჰყვება, აგრესიული დამოკიდებულება ჯერ კიდევ მაშინ შენიშნა, როდესაც ზემოხსენებული ჯგუფები “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვებს არბევდნენ:

“რა თქმა უნდა, ვლაპარაკობდი იმას, რაც რეალობას შეესაბამებოდა. ესმოდათ, რომ [პირდაპირ ეთერში] მოვიხსენიებდი მოძალადეებად, პუტინისტებად, რის საპასუხოდაც უშვერი სიტყვებით მლანძღავდნენ. ამას არა უშავს, რადგან წლებია, აქციებს ვაშუქებ და მათ აგრესიას ყურადღებას არ ვაქცევ.

ყოველთვის ვცდილობ, ასეთი აქციების დროს პოლიციასთან ახლოს ვიდგე, თუმცა იმ აქციაზე პოლიცია საერთოდ არ იყო. ვინც იყო, იყვნენ რამდენიმე და იდგნენ უბრალოდ, არაფერს აკეთებდნენ. ამის შემდეგ დავინახე, რომ ეს ადამიანები გაიქცნენ [მოშორებით] და დავინტერესდი, რა ხდებოდა”.

მაკო ჯაბუა ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

ის, რაც მოშორებით ხდებოდა, შემდგომი რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტად გაგრძელდა: ძალადობრივმა ჯგუფებმა ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე თავდასხმა, ფიზიკური ანგარიშსწორება და მოვლენათა ეპიცენტრიდან მათი გაძევება დაიწყეს.

“წავედი იქით, საითაც მედია გარბოდა, რადგან ვხედავდი, რომ პოლიცია არ იყო და ვერავინ დამიცავდა. ერთად დგომის პრინციპით გადავწყვიტე, მედიასთან ახლოს ვყოფილიყავი. ჩემს გვერდით ჩაიარა მოპედმა, ჯოხიანმა კაცმა… პოლიცია [ამ დროს] იქ არ იყო.

როცა მოვტრიალდი, უცებ დავინახე ჩემზე ორჯერ დიდი კაცი, რომელსაც ეკავა დროშა და ამ დროშის ტარით, გაავებული სახით მემუქრებოდა. შე ძუ*ნა, გაა*ვი აქედანო, მითხრა, შემდეგ კი მომიქნია ეს ჯოხი. როგორც კი დავინახე, რომ მომიქნია, ვუთხარი, რომ მივდიოდი. აზრი არ ჰქოდნა იქ დარჩენას.

თუმცა, როგორც კი მოვტრიალდი, კეფასა და ზურგში ვიგრძენი დარტყმა. ეს რომ ვიგრძენი, ისევ მოვტრიალდი. ისევ მიყვიროდნენ, გაა*ვი აქედან, წადი აქედანო. მეც ისევ ვუთხარი, რომ მივდიოდი და [რომ გამოვბრუნდი], ვიგრძენი, ზურგზე როგორ მიბიძგებდა ისევ დროშის ტარით. ამის შემდეგ გამოვრთე ლაივი [გარკვეული დროით]”, — უყვება ჟურნალისტი “ნეტგაზეთს”.

მაკო ჯაბუას პოლიცია მხოლოდ მოშორებით, სუპერმარკეტ “სმარტის” მიმდებარე ტერიტორიაზე დაეხმარა, ავტომანქანაში ჩასვა და ტერიტორიას გაარიდა. ახლა, როცა თავს უკეთ გრძნობს და მოძალადეც დაკავებულია, იმედოვნებს, რომ ის სათანადოდ დაისჯება:

“[მოძალადე]  დაკავებულია ორი მუხლით: ფიზიკური ძალადობა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა. ჯერჯერობით ბრალი არ არის წარდგენილი.

იმედი მაქვს, პოლიცია, მას შემდეგ, რაც აცემინა ჩემი თავი ამ პირს, ახლა მაინც შეინარჩუნებს რაღაც სახეს და შესაბამისად დაისჯება მოძალადე… არა მარტო ჩემზე, არამედ მედიის სხვა წარმომადგენლებზე მოძალადეებიც”.

პროტესტის 3 ადრესატი

მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს მისულ ჟურნალისტთა რაოდენობა დიდი არ ყოფილა, თუმცა მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე ჟურნალისტთა რიგებში არსებულ განწყობებს მხოლოდ დღევანდელი აქციის მასშტაბით არ განსაზღვრავს.

“ეს განწყობა და პათოსი მთელ ჟურნალისტურ კორპუსში მძლავრია: არა მხოლოდ მათში, რომლებიც 5-6 ივლისს დაზიანდნენ ფიზიკურად, რომელთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლესაც საფრთხე შეექმნა, ტექნიკა გაუნადგურდათ და ა.შ… არამედ ყველა ჟურნალისტში”.

ზვიად ქორიძე დღევანდელი აქციის 3 ძირითად ადრესატზე საუბრობს. პირველი ადრესატი მთავრობაა, რომლის მეთაურმაც, მედიაექსპერტის სიტყვებით, 5 ივლისის დილით გაკეთებული განცხადებით ძალადობა წაახალისა და ჰომოფობიურ ჯგუფებს უთხრა, რომ შეეძლოთ გაეკეთებინათ ის, რაც სურდათ. მისივე თქმით, აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ეკისრება მთელ მთავრობას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ერთი მინისტრიც კი არ შეწინააღმდეგებია ღარიბაშვილის ამ მიმართვას.

ქორიძეს არ აქვს იმედი, რომ 5 ივლისიდან ამ დრომდე, მთავრობის მოქმედებების ფონზე, ის შემდგომ პროცესებს სწორად წარმართავს და ძალადობრივი მოვლენების შემდეგ აკიდებულ ტვირთს ოდნავ მაინც შეამცირებს.

ზვიად ქორიძე ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

“ამ 2 დღის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ ადეკვატური პასუხი ვერ გასცა იმაზე, რაც მოხდა. ეს მთლიანად საზოგადოებისთვის არის დამთრგუნველი. ნუ ვილაპარაკებთ იმაზე, რომ განცხადებებით დაგმეს მედიის წინააღმდეგ ძალადობა და თქვეს, რომ ეს არის ცუდი. უკაცრავად, მაგრამ როცა შენ მოუწოდებ ძალადობისკენ მოქალაქეებს, არ აქვს მნიშვნელობა, მედია დაზარალდება აქ თუ ნებისმიერი შემთხვევითი გამვლელი.

მედია იქ იმიტომ იყო მისული, რომ გაეშუქებინა ეს მოვლენები ადეკვატურად და ზუსტად. სწორედ ამ მოვლენების გაშუქება არ უნდოდა მთავრობას. მას სურდა, მედიას მიეღო ალიყური სახეში. ეს უნდოდა, რადგან ჩვენს მთავრობას ყოველთვის აღიზიანებს მედიის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ხარისხი. ეს მხოლოდ დღევანდელი მოცემულობა არ არის და არც მხოლოდ ამჟამინდელი მთავრობის პრობლემაა. წინა მთავრობების პრობლემაც არის ეს”.

მეორე ადრესატი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გამგებლობაა. ისინი, ვინც ზვიად ქორიძის სიტყვებით, გასულ დღეებში ნათლად დააფიქსირეს, რომ საქართველოს მთავრობის პარტნიორები არიან “ძალადობრივი აქციის წახალისებაში”:

“[მთავრობა და ეკლესიის მმართველობა] არიან პარტნიორები იმაში, რომ გადაეფარონ ამ მოძალადეებს და დაიცვან… ეკლესიის მესვეურებიც და მთავრობის მესვეურებიც ძალიან კარგად არიან გადაფოფრილი ამ ხალხზე”.

აქციის მესამე გზავნილის ადრესატი საზოგადოებაა თავისი ყველა წარმომადგენლით, მათ შორის, მოძალადეებით, რომლებიც ჯერ კიდევ 2 დღის წინ ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში პოლიციის თანდასწრებით უსწორდებოდნენ მედიის წარმომადგენლებს. ქორიძის თქმით, მედია ყველა მათგანს ეუბნება, რომ ის დემოკრატიული ინსტიტუციაა, რომლის დასუსტებაც ავტომატურად გამოიწვევს მთელი საზოგადოების დასუსტებას.

ჟურნალისტების აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან. ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო ბიძინაშვილი

“არ შეიძლება, საზოგადოება ძლიერი იყოს, როცა მედია არის სუსტი ან საერთოდ არ არის. და ის ფიზიკური ანგარიშსწორება, ძალადობა, რომელიც ვირტუალურ სივრცეებში გრძელდება ცალკეული მედიასაშუალებების თუ მთელი მედიის წინააღმდეგ, ზუსტად იმას ემსახურება, რომ ხელისუფლებისაგან და ეკლესიის გამგებლობისგან წახალისებული ჯგუფები ცდილობენ, დაანგრიონ მედიის მაღალი სტანდარტი”, — დასძენს მედიაექსპერტი.

ვირტუალურ სივრცეში გადანაცვლებული აგრესია, რომელიც ქორიძემ ახსენა, კარგად ჩანს სოციალურ ქსელებში, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების შესახებ მომზადებული მასალების ქვეშ. სოლიდარობის გზავნილების პარალელურად, არაერთი მომხმარებელი თავდასხმების ინსპირირებაში ისევ მედიას ადანაშაულებს, მოვლენათა “არასწორი” გაშუქების, “გარყვნილების პროპაგანდისა” თუ “პროვოკაციული ქცევების” გამო. დღევანდელ აქციაზე ასეთი კომენტარების ნაწილი ხმამაღლაც წაიკითხეს.

კომენტარები სოციალური მედიიდან

ზვიად ქორიძე არ ფიქრობს, რომ 5 ივლისის ძალადობა კონკრეტული ჟურნალისტების საქმიანობამ გამოიწვია.

“არ მგონია, ის კონკრეტული ადამიანები 5 ივლისს, დილის 11:00 საათზე, მიზანმიმართულად იმიტომ დასდევდნენ ჟურნალისტებს, რომ მათი წუხანდელი საინფორმაციო გამოშვებები არ მოეწონათ. ისინი ზუსტად იმიტომ დასდევდნენ ჟურნალისტებს, რომ ჰქონდათ შესაბამისი ბრძანება, მითითება და მათ ეს წარმატებით შეასრულეს.

რას ნიშნავს უკეთესად გაშუქება? მედია აშუქებს იმას, რაც რეალურად არის… ამ ადამიანებმა, ან ინსტიტუციებმა წააქეზეს ეს მოქალაქეები… როცა მიზანი გაქვს, ვინმე გაანადგურო, აუცილებლად მსხვერპლიც უნდა აჩვენო იქვე. იქ მსხვერპლად ვერავის აჩვენებდნენ, ასე რომ, მედიას გაუსწორდნენ ფიზიკურად. ეს მოხდა სწორედ იმიტომ, რომ მედიის წარმომადგენლებს აღარ გაეგრძელებინათ იქ ყოფნა და მოვლენათა გაშუქება”.


5 ივლისს, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად, საპატრიარქოს ორგანიზებით ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.

ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. რამდენიმე მათგანი ახლაც საავადმყოფოშია.  აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

ქალაქის ცენტრში, პოლიციის თანდასწრებით, ჟურნალისტებს უმოწყალოდ სცემდნენ, აგინებდნენ, აპარატურას სტაცებდნენ და უმტვრევდნენ. გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.

ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით, ამ ეტაპზე, 7 პირია დაკავებული. შსს ამბობს, რომ გამოძიება გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი