საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი მცხეთაში, ჯვრის მონასტრის რეზიდენციაში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და დელეგაციის წევრები.
“გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. უწმინდესმა და უნეტარესმა კომისარს მადლობა გადაუხადა ამ მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ, ვარჰეიმ პატრიარქს აღუთქვა, რომ ეს მხარდაჭერა კვლავაც გაგრძელდება და კიდევ უფრო ქმედითი იქნება”, — ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ევროკომისარი საქართველოში 5 ივლისს ჩამოვიდა. საპატრიარქოს ცნობით, ილია მეორესთან სტუმრობამდე მან რამდენიმე ტაძარი მოინახულა და მცხეთის ჯვრის მონასტერი დაათვალიერა.